ვითარება პანკისში

უგულავა: რაც "ოცნებამ" პანკისში წლების განმავლობაში დათესა, იმას იმკის დღეს სახელმწიფო

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა პანკისში მომხდარ ინციდენტს თანაგუნდელ გიგა ბოკერიას მსგავსად იმ პოლიტიკას უკავშირებს, რომელიც ხელისუფლებას პანკისის ხეობაში აქვს. 

ამის შესახებ უგულავა რუსთავი 2-ს პირდაპირი ჩართვის დროს ესაუბრა. 

უგულავას თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს, პირველ რიგში, პანკისელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, სიმშვიდე მათთვის თავდაცვისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცების ყველაზე კარგი საშუალებაა. 

"რა თქმა უნდა, ძალიან რთული და აბსოლუტურად მიუღებელი საყურებელია, როდესაც ვხედავთ პოლიციელების მიმართ ნასროლ ქვებს, ჯოხებს, მაგრამ ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რატომ მივიდა ჩვენი ქვეყნის ერთერთი ულამაზესი რეგიონი ამ ვითარებამდე," - ამბობს უგულავა. 

მისი თქმით, ბოლო 7 წლის განმავლობაში პირადად ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა პანკისის ხეობაში ყოველდღიურად დგამს ისეთ უგუნურ ნაბიჯებს, რამაც საბოლოო ჯამში ხეობა ამ ვითარებამდე მიიყვანა. 

"აქ იგულისხმება პირველ რიგში ის, რომ საქართველოს სახელმწიფო და ცენტრალური მთავრობა, არცერთი მისი შტო რეალურად აღარ წარმოადგენს იქ ფაქტორს. ფაქტორს ანუ მოთამაშეს არ წარმოადგენს ძალაუფლება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით კადიროვის ხალხის და ასევე ISIS-ის რეკრუტირების ძალიან სახიფათო, ძალიან მავნებლურ კამპანიას, რასაც ჩვენი ხელისუფლება არაფერს და ვერაფერს უპირისპირება. პანკისის ხელისუფლებაში დღეს მთავარი პრობლემა არის უპატრონობა ქართული ხელისუფლების მხრიდან. ჰესი არის აისბერგის წვერი,"- ამბობს უგულავა.

ევროპული საქართველოს ლიდერი ხელისუფლებას არათანმიმდევრულობაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ 2011-12-13 წლებში სწორედ ეს ხელისუფლება ატარებდა ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას და დღეს სახელმწიფო იმკის იმას, რაც ქართულმა ოცნებამ წლების წინ დათესა. 

"ამ საკითხშიც ქართული ოცნება და ივანიშვილი არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები. ჩვენ ვხედავდით გეგმაზომიერად 2011-12-13 წლებში აღვირახსნილ კამპანიას, სწორედ მათ კამპანიას ჰესების წინააღმდეგ. ის, რაც მათ დათესეს, ახლა სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც სახელმწიფო ვიმკით. აი, ეს არის მთავარი პრობლემა და, რა თქმა უნდა, არათანმიმდევრულია, როდესაც 750 მეგავატის სიმძლავრის ჰესზე სიტყვაზე სვანეთში იტყვი უარს და იტყვი ხალხის პოზიციიდან, რომ ხალხს ეს არ უნდა, მაშინ ვეღარ გაამართლებ 5 მეგავატიან "დვიჟოკს". 5-მეგავატიანი "დვიჟოკი" დგას ყოველ მეორე ოფისში თბილისში. მის მშენებლობაზე ჯარის გამოძახებას და პოლიციის გამოძახებას და მერე პოლიციის მუნდირს ამოფარება მინისტრის მხრიდან და "გაიღიმეთ" უტიფრად რომ გვეუბნება მთელ საზოგადოებას, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა, ეს არის უტიფრობის ზეიმი,"- ამბობს გიგი უგულავა. 

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა.

კომენტარები