ვითარება პანკისში

მთავრობა: პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, მიუღებელია

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად.

"საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ხელისუფლების ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს "ფერიმ" ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის „ხადორი3“ - ის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ იქნება. დაგეგმილია მეორე მცირე ჰესის მშენებლობაც. ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელქტროენერგია 160 მლნ კვტსთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია - 40 მლნ აშშდოლარზე მეტია, რაც ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება. საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობის მშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნება ეკოლოგიაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად, კომპანიამ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა ხეობისა და ჰესის მიმდებარე დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს.

კერძოდ, პანკისის ხეობის, მოსახლეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან ადგილობრივი ბიუჯეტი რეგულარულად შეივსება გადასახადებით, რაც რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირ განკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებაში იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰესის პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ამ მიზნით, პრემიერმინისტრის დავალებით, პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგანსაქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასადა დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება," - წერია განცხადებაში. 

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები