ჰესის მშენებლობა პანკისში

შსს: პანკისში დაპირისპირების შედეგად სულ 27 ადამიანი დაშავდა, 15 სპეცრაზმელი და 12 ადგილობრივი

პირველი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების დროს სულ 27 ადამიანი დაშავდა, აქედან 15 სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი და 12 ადგილობრივი. 

შსს-ის ცნობითვე, მათგან 8 კლინიკაშია გადაყვანილი. 

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება. 

კომენტარები