უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

ზელენსკი: ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას მივმართავ - შემოგვხედეთ, ყველაფერი შესაძლებელია

UNIAN

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და უკრაინელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს. არ იქნება არანაირი პათოსი. უბრალოდ, მადლობა მინდა, ვუთხრა საკუთარ მშობლებს მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ მათ ამის გადაგორება შეძლეს, მადლობა ჩემს ცოლს მისი ძალისა და გაძლებისათვის. მას რომ იქამდე გაეგო ის ყველაფერი, რასაც ჩემ შესახებ ამბობდნენ, ალბათ, ცოლად არ გამომყვებოდა. მადლობა ცოლის მშობლებსაც, ჩემს შვილებს, მთელ ჩემს ოჯახს. მადლობა მთელ გუნდს, მთელ შტაბს, თითოეულს, ექსპერტს, იურისტებს, მოხალისეებს, დამკვირვებლებს, ქოლ-ცენტრს. მადლობა ჟურნალისტებს, მადლობა ყველა უკრაინელს, რომელმაც მხარი დამიჭირა, მადლობა ყველა უკრაინელს, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა. მადლობა ყველა უკრაინელს, სადაც არ უნდა იყოთ ახლა. გპირდებით, რომ არასდროს არ გაგიცრუებთ იმედს. 

მე ჯერ ოფიციალურად არ ვარ პრეზიდენტი, შემიძლია, ვილაპარაკო, როგორც უკრაინის მოქალაქე ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას მივმართავ - ჩვენ შემოგვხედეთ, ყველაფერი შესაძლებელია,"- თქვა ზელენსკიმ.

ეროვნული ეგზიტპოლების 18:00 საათის მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73.2% აქვს, პეტრო პოროშენკოს კი - 25.3%.

ხოლო ТСН-ის იმავე პერიოდის ეგზიტპოლით კი, ზელენსკი - 72.7%, პოროშენკო - 27.3%. 

ეროვნული ეგზიტპოლების შედეგები კიევის დროით, 22:00 საათზე განახლდება. 

ТСН-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკიმ უკრაინის ყველა რეგიონში გაიმარჯვა. ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მას აღმოსავლეთ უკრაინაში გამოუცხადეს, ყველაზე დაბალი კი - დასავლეთ უკრაინაში. 

კერძოდ:

აღმოსავლეთ უკრაინა - ზელენსკი 88.1%, პოროშენკო 11.9%;
დასავლეთ უკრაინა - ზელენსკი 52.0%, პოროშენკო 48.0%;
კიევი - ზელენსკი 59.5%, პოროშენკო 45.5%;
ჩრდილოეთ უკრაინა - ზელენსკი 74.6%, პოროშენკო 25.4%;
ცენტრალური უკრაინა - ზელენსკი 78.8%, პოროშენკო 21.2%;
სამხრეთ უკრაინა - ზელენსკი 85.6%, პოროშენკო 14.4%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პირველი ტურის გამარჯვებული ვოლოდიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკენლი გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.

გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

კომენტარები