სუს-ის ანგარიში

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, რომელზეც სუს-ის ანგარიშს განიხილავენ, მედიისთვის დაიხურა

პარლამენტი

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც სუს-ის ანგარიშს განიხილავენ, მედიისთვის დაიხურა. გადაწყვეტილება კომიტეტების თავმჯდომარეებმა -ირაკლი სესიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და სოფო კილაძემ მიიღეს და კენჭისყრაზე დააყენეს. დეპუტატების უმეტესობამ მხარი სხდომის დახურვას დაუჭირა. 

ანგარიში სუს-ის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვლმა წარადგინა, რის შემდეგაც ის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სწორედ კითხვები და მათზე პასუხები არ არის საჯარო მედიისა და საზოგადოებისთვის. 

მიზეზად ირაკლი სესიაშვილი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ასახელებს. 

"მე ყოველთვის, როცა გვაქვს კომუნიკაცია სუს-თან, ვსაუბრობთ, რომ უწყებამ მაქსიმალურად წარმოუდგინოს საზოგადოებას და პარლამენტს ის ინფორმაცია, რომლის საჯაროდ გამოქვეყნების შესაძლებლობაც არსებობს. თუმცა, იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი იყოს მეტად ინფორმირებული საფრთხეების, გამოწვევების, რისკების შესახებ, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაკეთოთ ამის ანალიზი, შეფასება, მათ შორის ვიმსჯელოთ უწყების წინაშე არსებულ პრობლემებზე, რასაც ღიად ვერ ვიზამთ, ასევე, მთავარ გამოწვევებზე, რაც არის რეგიონში, აქ თქვენი მხარდაჭერის იმედი და მოლოდინი მაქვს"  

სხდომის დახურვას ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. 

"ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან უცნაურია ის ტონი, რომლითაც დაიწყეთ დღევანდელი სხდომა. გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა, დღეს ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი და ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ და ჩვენ თუ გვაქვს რაიმე მოსაზრებები, რომ ამ სხდომის ნაწილი საჯარო უნდა იყოს, ალბათ, გვაქვს მოტივაციაც ამისთვის და არ არის საჭირო კოლეგებთან ასეთი ტონით საუბარი. ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის, ჟურნალისტებისთვისაც საინტერესოა, საჯაროდ მოვისმინოთ პასუხი ისეთ შეკითხვაზე, მაგალითად, როგორიც მე მაქვს ბატონ სუს-ის წარმომადგენელთან: ეხმარება თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ის პიარკამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც მათ აკავშირებენ ისლამურ - ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან თქვენი ხელისუფლების სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებები. მნიშვნელოვანია ამაზე პასუხი მოისმინოს მედიის წარმომადგენლებმაც, რომლებიც სამწუხაროდ, ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყველა კითხვა დაისვას ღია რეჟიმში და შემდეგ მივცეთ სუს-ის წარმომადგენელს დისკრეცია, განსაზღვროს, რომელ შეკითხვაზე შეუძლია უპასუხოს საჯაროდ და რომელს არა ", - თქვა სალომე სამადაშვილმა სხდომაზე. 

ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა თქვა: 

"უსაფრთხოების სამსახური არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ჩვენი მოვალეობაა, დავსვათ ის კითხვები, რაც აწუხებს საზოგადოებას, პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, კორუფციასთან, რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებით - ყველგან გვესმის, რომ აპატიმრებენ მათ, ჩვენ არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაპატიმრების. და თუ ურთიერთპატივისცემაზეა საუბარი, ესეც ურთიერთპატივისცემის ნაწილია, რომ ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პასუხებზე დახურვა, რომელიც საიდუმლოა". 

სესიაშვილმა უპასუხა: 

"დიახ, ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა. თქვენი, რიგ შემთხვევაში პროვოკაციული განცხადებები უკვე სახეზეა და ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, მიხარია. მაგრამ არის ქვეყნის საერთო ინტერესები, რომელზეც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ აქამდე, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ, როცა ოპოზიციაში ხართ. ესეც, როგორც თქვენ გიყვართ თქმა, ფუნდამენტალური განსხვავებაა ჩვენ შორის. ამიტომ, დიახ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მათ შორის თქვენთან ერთად, იმისთვის, რომ ის საფრთხეები, რომლებიც ქვეყნის წინაშეა და რომლის გარკვეული გამოვლინება მათ შორის გუშინაც იყო, ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმში". 

სუს-ის ანგარიში რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა. 

კომენტარები