სუდანი

სუდანში მომიტინგეებმა სამხედროებთან კავშირი გაწყვიტეს

France 24

სუდანში ალ-ბაშირის გადაყენების შემდეგ მომიტინგეები აქციებს კვლავ აგრძელებენ. მათ დროებით სამხედრო საბჭოსთან კავშირის გაწყვიტეს, რადგან მიაჩნიათ, რომ საბჭო ბაშირის რეჟიმის ყოფილ მონაწილეთაგან შედგება.  

20 აპრილს სუდანის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, სუდანის პროფკავშირმა სამხედრო საბჭოსთან გამართა მოლაპარაკება. სამხედრო საბჭომ პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლა და 20 აპრილს ბაშირის მთავრობის არაერთი წევრი დააპატიმრა.

ხარტუმში ათასობით მომიტინგე ქვეყნის სამართავად სამოქალაქო საბჭოს დაარსებას ითხოვს, თუმცა მმართველი სამხედრო საბჭო მხოლოდ საერთო სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს შექმნას თანხმდება.

მომიტინგეებს სურთ ახალმა სამოქალაქო საბჭომ დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბოს, რომელიც ქვეყანაში არჩევნებს დანიშნავს.

სამხედრო საბჭოს საგარეო მხარდაჭერა აქვს საუდის არაბეთის სამეფოდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ისინი საბჭოს სამი მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარნენ.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოცდაათწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს.

17 აპრილს სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ხარტუმში კობარის ციხეში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით, ბაშირი 2003 წლის სუდანის დარფურის რეგიონის გენოციდში მონაწილეობდა, რამაც 300 000 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბაშირის გადაყენების შემდეგ სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორი წლით თავად მართავენ ქვეყნას შემდეგ კი არჩევნებს დანიშნავენ.

თავდაპირველად, სამხედრო ძალებს თავდაცვის მინისტრი ავად იბნ აუფი ხელმძღვანელობდა. მომიტინგეები არ დაიშალნენ, რადგან იბნ აუფი ბაშირის მოკავშირე იყო და მსგავსი ლიდერი არ სურდათ.

პოსტზე ერთდღიანი ყოფნის შემდეგ, 12 აპრილს იბნ აუფმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა და მას სამხედროთაგან ნაკლებად საკამათო ფიგურა აბდელრაჰმან ბურჰანი ჩაანაცვლებდა. ეს ნაბიჯი მომიტინგეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ ყოველივე იმ ლიდერთა თვითნებური გადაწყვეტილებაა, რომლებიც ხალხს არ წარმოადგენენ.

11 აპრილის შემდეგ აქციების მიმდინარეობისას სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, სულ მცირე, 16 ადამიანი მოკლეს.

კომენტარები