უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

"თქვენი მოლოცვების გარეშეც გავალთ ფონს" - ზელენსკის გუნდი იანუკოვიჩის მილოცვას პასუხობს

ვიქტორ იანუკოვიჩი
tass

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მილოცვას გამოეხმაურა. 

პოლიტიკურმა მრჩეველმა, დიმიტრი რაზუმკოვმა, განაცხადა, რომ ზელენსკი "გაქცეული ექსპრეზიდენტის მილოცვების გარეშეც გაძლებს". 

ამის შესახებ რაზუმკოვი უკრაინულ გამოცემა УНИАН-ს ესაუბრა.

"ჩვენი კამპანიის ბოლო პერიოდში ისეთი მოვლენები დაიწყო, როგორიც არის, ხან რუსი პროპაგანდისტების მხრიდან "მხარდაჭერა", ხან რუსეთის ფედერაციაში გაქცეული ჩინოვნიკების "მხარდაჭერა". მოდი, ასე ვთქვათ, ეს ჩვენ სასარგებლოდ კი არა, ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ მუშაობდა. დღეს კი უკვე მილოცვების მიღებაც დავიწყეთ. საარჩევნო კამპანიას მათი მხარდაჭერის გარეშეც არცთუ ისე ცუდად გავართვით თავი. მგონია, რომ მათი მილოცვების გარეშეც გავალთ ფონს,"- ამბობს რაზუმკოვი. 

მიმართვაში, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა გაავრცელა, ის წერს, რომ მშვიდობისმოყვარე უკრაინელი ხალხი ახლა იმაზე მეტად არის დაყოფილი, ვიდრე ოდესმე ყოფილა და რომ ძმის მკვლელ ომზე მთელი პასუხისმგებლობა მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ეკისრება. იანუკოვიჩი ასევე წერს, რომ უკრაინელმა ხალხმა მას ამ არჩევნებით განაჩენი გამოუტანა, ხოლო ისტორია თავის უფრო მწარე განაჩენს მოგვიანებით გამოიტანს.

"თავს დაბლა ვუხრი ბრძენ უკრაინელ ხალხს, რომელმაც საკუთარი თავის მოტყუების უფლება არავის მისცა, არ წამოეგო პროვოკაციებსა და ტყუილზე, არამედ გააკეთა გაცნობიერებული არჩევანი. უკრაინელები თქვენ გენდნენ და იმედი აქვთ, რომ თქვენ დაუბრუნებთ ჩვენს ხალხს მშვიდობასა და აყვავებას. არ გაუცრუოთ მათ იმედი,"- წერს იანუკოვიჩი. 

უკრაინის საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის ხმების 98%-ზე მეტი აქვს დათვლილი. ამ მონაცემებით ვოლოდიმირ ზელენსკის 73.15% აქვს, პოროშენკოს - 24.52%. 

კომენტარები