უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

პესკოვი: პუტინის მიერ ზელენსკისთვის მილოცვაზე და ერთად მუშაობაზე საუბარი ნაადრევია

New York Post

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს, ჟურნალისტებმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ ჰკითხეს. 

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისადმი მილოცვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

"ჯერჯერობით ნაადრევია პრეზიდენტ პუტინის მიერ ბატონი ზელენსკისთვის მილოცვაზე და ერთად მუშაობაზე საუბარი. მხოლოდ კონკრეტული საქმეებით იქნება შესაძლებელი ამაზე მსჯელობა. ამასთან, მოსკოვი პატივს სცემს უკრაინელი ხალხის არჩევანს, მითუმეტეს, რომ ეს არჩევანი აბსოლუტურად ცხადია,"- თქვა პესკოვმა. 

პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ "მთლიანად არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", რადგან რუსეთში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება არ ჰქონდათ. 

ამასთან, პესკოვმა თქვა, რომ პუტინს არ უნახავს პოროშენკო-ზელენსკის დებატები პირდაპირ ეთერში 19 აპრილს, თუმცა მას ჩანაწერი მისცეს. 

"არ ვიცი, მოასწრო თუ არა ამ ჩანაწერის ნახვა,"- ამბობს პესკოვი.

უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის ხმების 99% აქვს დათვლილი. ამ მონაცემების მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73.21% აქვს, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი - 24.46%.

კომენტარები