სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი მარტვილში მოზარდის თვითმკვლელობას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილია.

"მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე,
როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა ასევე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები.

"მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

​მან ასევე თქვა, რომ სირცხვილად მიაჩნია "ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება".

მარტვილში 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია 18 აპრილს გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბავშვის ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. 

კომენტარები