სასამართლო სისტემა

ევროპული საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 3 წევრის გაწვევას ითხოვს

პარლამენტი

ევროპული საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 3 წევრის გაწვევას ითხოვს - 

საუბარია სამ არამოსამართლე წევრზე: ლევან გზირიშვილზე, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძეზე. 

ელენე ხოშტარიამ საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენა. 

"კლანი, რომლადაც იქცა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წარმოადგენს იარაღს ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს მოსტაცონ სასამართლო სისტემა ძალიან დიდი ხნით. 

ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს საკითხი საბჭოს იმ წევრების გამოწვევის შესახებ, რომლებიც არ ასრულებენ ჯეროვნად თავიანთ დაკისრებულ ვალდებულებას, არღვევენ კანონს. დეკემბერში მათ დაარღვიეს კანონი და არ შეასრულეს ვალდებულება, რისთვისაც აირჩიეს.

ისინი აირჩია პარლამენტმა და დღეს პარლამენტმა უნდა გასცეს გასცეს პასუხი, რომ ასეთი თავგასული წევრები იქნებიან საბჭოდან გამოწვეული. 

დღეს ისინი ბედავენ და არღვევენ კიდევ ერთ კანონს, აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც უბრალოდ აკრძალული აქვთ, რადგან აქვთ ქართული ოცნების მხარდაჭერის იმედი. ეს არის დაუშვებელი, დღეს პარლამენტი ვალდებულია, ეს კლანი დაშალოს კონკრეტულად ამ ადამიანების იქიდან გამოწვევით", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ხოშტარიას განცხადებას გზირიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ევროპული საქართველოს ეს მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში ჩარევაა. 

"ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი რეაქცია, თუმცა ველოდი, რომ დაჩქარებული ტემპის გამო უკმარისობის გრძნობა გვქონდა. რის გამოც დავაჩქარეთ, ეს იყო უზენაესი სასამართლოს საქმიანობა. რა მონაცემებიც მე მქონდა, საკმარისი იყო იმისათვის, რომ მხარი დამეჭირა წარდგენისათვის. ახლა, რადგან ასეთი რეზონანსი გამოიწვია, კიდევ ერთხელ მათი წარმოდგენის შემთხვევაში უფრო კრიტიკული თვალით შევხედავ, თუ რაიმე იქნება ისეთი, რაც მანამდე ჩემთვის ცნობილი არ იყო, ყველაფერს გადავხედავ და შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას". 

საქმე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას ეხება, რომელიც დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა და რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგება. 

სია საბჭოს წევრების ნაწილმა შეიმუშავა და მეორე დღეს გიორგი მიქაუტაძემ სხდომაზე წარადგინა. გზირიშვილმა, ქადაგიძემ და ხარებავამ ამ სიას მხარი დაუჭირეს. 

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სწორედ ეს არის საქმის არაჯეროვანი შესრულება - როცა კითხვებს არ სვამ და წარმოდგენილ სიას მხარს უაპელაციოდ უჭერ. 

სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ამის გამო დატოვეს მათ და კიდე რამდენიმე დეპუტატმა შემდგომში ქართული ოცნება. 

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

19 აპრილს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა ე.წ კობახიძის ჯანონპროექტი, რომლითაც სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებია გაწერილი. კანონპროექტი მიუღებელია როგორც ოპოზიციისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამაც. 

კომენტარები