ჰესის აშენება პანკისის ხეობაში

ბახტაძე პანკისზე: ეკონომიკის განვითარებას სჭირდება ელექტროენერგია, დიალოგი გრძელდება

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ხელისუფლებას არც ერთი პროექტი არ განუხორციელებია მოსახლეობასთან დიალოგის გარეშე და ეს "ქართული ოცნების" ხელწერაა.

ასე ეხმაურება მამუკა ბახტაძე პანკისში 21 აპრილს მომხდარ დაპირისპირებას.

"არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში, ხელისუფლებას არ განუხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და ეს დიალოგი გრძელდება. გუშინაც და დღესაც ისმოდა სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი, ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის ძალიან მარტივი ეკონომიკური კანონზომიერება. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. იგივე აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას - როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველას აქვს  შესაძლებლობა გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი, თუმცა კანონის დარღვევაზე პასუხიც ადეკვატური იქნება.

"ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია, კანონის დარღვევა, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ - აგრესია სამართალდამცველებზე, სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ეს განცხადებები პანკისის ხეობაში დაშავებული სამართალდამცავების მონახულების შემდეგ გააკეთა. მამუკა ბახტაძემ მათ "გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის" მადლობა გადაუხადა. 

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

მინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ ის ხეობის უხუცეს წევრებთან იმაზეც შეთანხმდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, შესაბამისად იქნებოდა დასჯილი.

კომენტარები