რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ვლადივოსტოკში 25 აპრილს შეხვდებიან

ვლადიმირ პუტინი / კიმ ჩენ ინი
SKY

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის და რუსული გაზეთების მიხედვით კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ხუთშაბათს, 25 აპრილს ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში შეხვდებიან.

კრემლში ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. ორშაბათს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრა აპრილის ბოლომდე შედგებოდა.

სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით ვლადივოსტოკში უკვე ჩავიდა კიმ ჩენ ინის მთავარი თანაშემწე კიმ ჩან სონი.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით სამიტი ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ურთიერთობას, ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას და რეგიონულ თანამშრომლობას შეეხება.

შეგახსენებთ, რომ  გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მოსკოვში ჩრდილოეთ კორეისათვის აშშ-ის სპეციალური დესპანი სტივენ ბეიგანი გაემგზავრა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბირთვული განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს.

მანამდე კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდა ჩაატარეს, რასაც კიმ ჩენ ინი პირადად ესწრებოდა. ეს დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის სამიტის შემდეგ იარაღის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დონალდ ტრამპს "სწორი დამოკიდებულება" უნდა ჰქონდეს.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

კომენტარები