ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილი: გახარიას და ხოშტარიას მე დავპატიჟებ ყავაზე

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს და ევროპული საქართველოს დეპუტატს ყავაზე თვითონ დაპატიჟებს.

ასე ეხმაურება სესიაშვილი ელენე ხოშტარიას პასუხს გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ თუ ევროპულ საქართველოს მასთან დამატებით სურს საუბარი, ყავაზე დაპატიჟონ და მივა.

"კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ ამ პროცესში. ამიტომ მეც ჩავერთვები და ორივეს ერთად მეც დავპატიჟებ ფინჯან ყავაზე", - თქვა სესიაშვილმა.

​მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტს მთავრობასთან მუშაობა არ უჭირს.

"ამ ქვეყანაში, ამ დემოკრატიულ გარემოში, ჩვენ, პარლამენტს არ გვიჭირს მუშაობა ხელისუფლებასთან, მთავრობასთან. ყველა კვირა დატვირთულია მინისტრების პარლამენტში მოსვლით. როცა საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, აქ საერთო პოზიციების კონსოლიდაცია უნდა მოვახერხოთ. მე მესმის, რომ მათ ეს არ შეუძლიათ და ამის უნარ-ჩვევები, სამწუხაროდ, არ აქვთ, მაგრამ არის საკითხები, სადაც ჩვენ საერთო სახელმწიფო ინტერესები უნდა დავიცვათ. მათ შორის, როცა არის კითხვა დაისაჯონ თუ არ დაისაჯონ, არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელი იყო თუ რიგითი მოქალაქე იყო, პანკისში იყო თუ სამტრედიაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, კანონი უნდა აღსრულდეს ყველგან", - ამბობს სესიაშვილი.

ცნობისთვის, 22 აპრილს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პანკისის ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ გახარია და ეკონომიკის ახალი მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტში უნდა მივიდნენ და კითხვებს პასუხი გასცენ. გიორგი გახარიამ კი პარლამენტში მის მისვლასთან დაკავშირებით თქვა - "თუ ევროპული საქართველოს რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები". შს მინისტრის გახარიას სწორედ ამ განცხადებას უპასუხა ელენე ხოშტარიამ და გახარიას მისი მომზადებული ყავა შესთავაზა, ოღონ იმ პირობით, რომ ის ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

კომენტარები