ლევან ჯიბღაშვილის საქმე

ჯიბღაშვილი: ნახევარ საქართველოსთან მაქვს ფოტო, მაგრამ არასდროს მისარგებლია კონტაქტებით

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი2

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მან იზოლატორი წუხელ გვიან დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ ლევან ჯიბღაშვილს Facebook-ზე ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული - შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, ქართული ოცნების დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ასევე ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი გასულ წელს ჯიბღაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდნენ. 

ჯიბღაშვილმა მაღალჩინოსნებთან ნაცნობობა არ უარყო, თუმცა თქვა რომ საბანაძე მის გათავისუფლებაში არ ჩარეულა. კითხვაზე, ახსენებდა თუ არა დაკავების მომენტში შს მინისტრის მოადგილის გვარს, ჯიბღაშვილმა თქვა, რომ ის მხოლოდ თავის იურისტებთან კახა ასლანიშვილთან ან ამირან გიგუაშვილთან დარეკვას ითხოვდა.

"ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან პირადი ურთიერთობით. კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია, ფაქტიც სახეზეა საიდანაც გამოვდივარ მე არაფრით არ მისარგებლია",- თქვა მან. 

კითხვაზე რატომ ჰქონდა მას ნარკოტიკი მანქანაში, მსახიობმა თქვა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ ისაუბრებს. 

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იპოვეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეკუთვნის. მისივე თქმით, ლევან ჯიბღაშვილი ბრალდებას აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები