აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

CNN: ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავის გადაწყვეტილებაზე 25 აპრილს ისაუბრებს

TheGuardian

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის საბოლოო გადაწყვეტილებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით 25 აპრილს ვიდეო მიმართვით გაასაჯაროვებს. 

ინფორმაცია ამის შესახებ CNN-ს ბაიდენთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა. 

მანამდე კი, 14 აპრილს The Atlantic-მა ასევე ბაიდენთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ის კენჭს იყრის დემოკრატიული პარტიიდან და ამის შესახებ საზოგადოებას 24 აპრილს ვიდეო მიმართვით ამცნობს. 

თუ ბაიდენი კენჭისყრას გადაწყვეტს, დემოკრატიული პარტიიდან მისი მთავარი კონკურენტები პრაიმერისის დროს ბერნი სანდერსი, კამალა ჰარისი და ელიზაბეტ უორენი იქნებიან.

ჯო ბაიდენი 76 წლისაა, მასზე უფროსი სხვა კანდიდატებს შორის მხოლოდ 77 წლის ბერნი სანდერსია. 

17 აპრილს დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს მოქმედი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. 

"მე მჯერა, რომ შეშლილი ბერნი სანდერსი და მძინარე ჯო ბაიდენი იქნებიან ორი ფინალისტი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკის წინააღმდეგ არჩევნებში საბრძოლველად (და კიდევ ბევრი შესანიშნავი რამის)! მე ველოდები ამას, ვინც არ უნდა იყოს! ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!" - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. 

კომენტარები