საარჩევნო ბლოკი

"ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს" - შავგულიძე მთაწმინდელებს შეხვდა

შალვა შავგულიძე ორბელიანის ქუჩაზე მცხოვრებ მთაწმინდელ ამომრჩეველს შეხვდა
საარჩევნო ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"

პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ორბელიანის ქუჩაზე მცხოვრებ მთაწმინდელ ამომრჩეველს შეხვდა.

შავგულიძის თქმით, მთაწმინდელებს, ისევე როგორც თბილისის სხვა რაიონის მაცხოვრებლებს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გარდა, ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. მისი თქმით, სახლები, რომლებსაც ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული ჩამონგრევის ზღვარზეა. 

შალვა შავგულიძე ამბობს, რომ საზოგადოებამ საკმაოდ ადროვა ქართულ ოცნებას და ახლა უკვე მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის იმის განწყობა, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს. 

"ვაგრძელებ შეხვედრებს მთაწმინდელ ამომრჩეველთან, ყველგან არის ერთი და იგივე განწყობა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ძალიან მოხარულები იქნებიან, თუ ეს დაიწყება მთაწმინდის ოლქში ცვლილებით. მთავარი მიზეზი არის ის, რომ არც ერთი დაპირება, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2012 წელს გასცა, არ არის შესრულებული. არ შეასრულა სასამართლო სისტემაში სამართლიანობის დაბრუნების დაპირება, არ შეასრულა ეკონომიკის სფეროში დაპირებები: იაფი ფული, სამუშაო ადგილები და ა.შ." - ამბობს შავგულიძე.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. მმართველი გუნდიდან შავგულიძის ოპონენტი ლადო კახაძე იქნება. 

კომენტარები