თამბაქო

რა არის თამბაქოსთვის თავის დანებების პრეპარატი Champix, რომლის დანერგვასაც საქართველოში გეგმავენ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის, ფაიზერის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელს და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

პრესსრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავის დანებების დამხმარე მედიკამენტოზური საშუალებები ხელმისაწვდომი და იაფი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კი საერთოდ უფასოდ გაიცეს. 

დეპუტატებმა და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებმა ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც ფაიზერის მიერ წარმოებული მედიკამენტი "ჩამპიქსი" წარმოებაში აქტიურად უნდა დაინერგოს. 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში 4 აპრილს გაიმართა, მანამდე კი 1 აპრილს თამბაქოზე თავის დანებების პრეპარატების მწარმოებლებისთვის გადასახადების შემცირებაზე თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე ალაპარაკდა. მასვე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ასეთი პრეპარატები ხელმისაწვდომი იყოს. 

ტაბულა კვირების განმავლობაში ცდილობდა ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაციის მიღებას, როგორც ელექტრონულად, ისე სატელეფონო ზარების საშუალებით, თუმცა მათგან პასუხი დღემდე არ მიგვიღია. 

თამბაქოზე თავის დანებების საშუალებების დანერგვაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა არც თამბაქოს კონტროლის ალიანსი და არც პარლამენტში თამბაქოს მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების ლობისტები თამბაქოზე თავის დანებების დიდი ბრიტანეთის მიერ აპრობირებულ ელექტრო სიგარეტებს არ აღიარებენ, რომელიც 95%-ჯერ უფრო ნაკლებად მავნებლურია, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქო. 

რა არის ჩამპიქსი და რას ყვებიან ამერიკელი მომხმარებლები მის შესახებ?

ჩამპიქსს 10 წელზე მეტია იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში და უნდა ითქვას, რომ არსებობს ბევრი მომხმარებელი, რომელმაც ამ პრეპარატის გამოყენებით თამბაქოს მოწევას თავი დაანება, თუმცა ამავდროულად მათი აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ჩამპიქსი მუდმივ გულისრევას იწვევს. ამასთან მომხმარებლები სხვადასხვა სამედიცინო ფორუმზე წერენ, რომ პრეპარატის გამოყენების დროს მათ ხასიათის ხშირი ცვლილებები და დეპრესიისკენ მიდრეკილება აღენიშნებათ. 

პრეპარატი აკრძალულია ფეხმძიმე და ლაქტაციის პროცესში მყოფი ქალებისთვის. 

2009 წელს ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ავსტრალიელმა გამომძიებელმა გლენ ჰეიმ დაადგინა, რომ 3 შვილის მამის თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ ჩამპიქსის მოხმარება გახდა. იმ პერიოდში ამ თემაზე მედია აქტიურად მუშაობდა

ამერიკული და ავსტრალიური სამედიცინო ვებსაიტები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩამპიქსს მოიხმართ და თქვენი ოჯახის წევრი, მეგობრები ან თანამშრომლები შეგატყობენ დეპრესიას, ცვლილებას ქცევაში, ფიქრში ან ხასიათში, ისეთს, რომელიც თქვენთვის დამახასიათებელი არ არის ან თქვენ თავად გექნებათ სუიციდური ფიქრები, შფოთვა, მღელვარება, პანიკა, აგრესია, არანორმალური შეგრძნებები, ჰალუცინაციები, პარანოია ან შიში, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და ექიმს მიმართოთ. 

თვითმკვლელობისა თუ ძალადობის შესახებ ნებისმიერი თქვენი ფრაზა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. სამედიცინო ექსპერტები წერენ, რომ ეს გვერდითი ეფექტები ძალიან სერიოზულია და რომ თქვენ შეიძლება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან სულაც ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ. 

მედიცინის ექსპერტები თავს იზღვევენ და წერენ, რომ დანამდვილებით არავინ იცის, ყველა ამ სიმპტომს ჩამპიქსი ქმნის თუ არა, რადგან როგორც წესი, თამბაქოზე თავის დანებებას ხასიათის ცვლილებები მოჰყვება ხოლმე. 

მედიცინის ექსპერტები მომხმარებლებს ასევე აფრთხილებენ, რომ თუკი მათ გულის ან სისხლძარღვების პრობლემები აქვთ, ჩამპიქსის მოხმარების დროს ნებისმიერ ცვლილებაზე ექიმს მიმართონ. ისინი ასევე აფრთხილებენ, რომ აბსოლუტურად ყველა ექიმი, სტომატოლოგი თუ ფარმაცევტი გააფრთხილოთ იმის შესახებ, რომ ამ პრეპარატს იღებთ. 

"ფრთხილად იყავით მანქანის ტარების ან მექანიკასთან მუშაობის პროცესში მაშინ, როდესაც ჩამპიქსს იღებთ, რადგან ამ პრეპარატმა შესაძლოა, გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩავარდნები, კრუნჩხვები და კონცენტრირების პრობლემები. თქვენ არ უნდა დაჯდეთ მანქანის საჭესთან ან გააკეთოთ რაიმე ისეთი, რაც ხიფათის შემცველია, სანამ კარგად არ დარწმუნდებით, რომ ეს პრეპარატები თქვენს შესაძლებლობებზე არ მოქმედებს. 

ფრთხილად იყავით ალკოჰოლის მიღებასთან. ალკოჰოლის მიღებამ მაშინ, როდესაც ჩამპიქსს სვამთ, შესაძლოა, თქვენში ხასიათის ცვლილებები, დეპრესიულ/სუიციდური ფიქრები, პარანოია და ჰალუცინაციები გამოიწვიოს". 

ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

- შეკრულობა
- დიარეა 
- მონელების პრობლემები
- გულისრევა
- მუცლის ტკივილი
- პირის სიმშრალე
- კბილის ტკივილი
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- სირთულე ჩაძინების პროცესში
- ძილიანობა
- არანორმალური სიზმრები
- ძილში სიარული
- დაღლილობის შეგრძლება
- გაციების ნიშნების და სიმპტომები
- მადის ცვლილება
- წონის მატება
- გემოს ცვლილება
- კუნთების ტკივილი

შედარებით ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები: 

- კანკალი
- კრუნჩხვები
- მხედველობის პრობლემები ან თვალების ტკივილი
- წითელი სისხლი განავალში
- მუცლის ტკიცილი
- უკიდურესი წყურვილი, პირისა და კანის გამოშრობა
- სუნთქვის პრობლემები

კომენტარები