ლევან ჯიბღაშვილის დაკავება

შსს: ჯიბღაშვილს 0.5659 გრამი კოკაინი, 0.1921 გრამი ექსტაზი (MDMA) და მცირე ოდენობით მარიხუანა ჰქონდა

პირველი არხი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს დაკავების დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა.

როგორც უწყების პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მას 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ჰქონდა.

"განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით", - ამბობენ პრესსამსახურში.

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს, 23 აპრილს კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ მსახიობს Facebook-ზე ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული - შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, ქართული ოცნების დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ასევე ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი გასულ წელს ჯიბღაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

გათავისუფლების შემდეგ ჯიბღაშვილმა ჯიბღაშვილმა მაღალჩინოსნებთან ნაცნობობა არ უარყო, თუმცა თქვა რომ საბანაძე მის გათავისუფლებაში არ ჩარეულა. კითხვაზე, ახსენებდა თუ არა დაკავების მომენტში შს მინისტრის მოადგილის გვარს, ჯიბღაშვილმა თქვა, რომ ის მხოლოდ თავის იურისტებთან კახა ასლანიშვილთან ან ამირან გიგუაშვილთან დარეკვას ითხოვდა.

კომენტარები