ლევან ჯიბღაშვილის საქმე

POG: როცა საქმე ნარკოტიკის გასაღებას არ ეხება და ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, გირაოს ვითხოვთ

საქართველოს პროკურატურა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით" განმარტავს, რატომ მოითხოვეს მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება.

"როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ან მე-3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე  შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს" - აცხადებს უწყება.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 ნაწილი),  პროკურატურის განმარტებით, "როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე ვშუამდგომლობსთ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით".

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავებულისთვის აღკვეთის სახით არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. 

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იპოვეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეკუთვნის. მისივე თქმით, ლევან ჯიბღაშვილი ბრალდებას აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამასთან, შსს-ს ცნობით, ლევან ჯიბღაშვილს 0.5659 გრამი კოკაინი, 0.1921 გრამი ექსტაზი (MDMA) და მცირე ოდენობით მარიხუანა ჰქონდა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების გამო, პოლიტიკურმა ორგანიზაცია გირჩმა შსს-ს, პროკურატურას, სასამართლოს და სასჯელაღსრულების სამინისტროს კითხვებით მიმართა. მათი თქმით, უნდა გამოირიცხოს შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი.

გირჩის განცხადებით:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს, რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?
  • პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  • სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  • სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?
  • სასჯელაღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს, რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

კომენტარები