შსს: Tbilisi Pride-ს განცხადება რეალობას არ შეესაბამება, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ღირსების მარშთან დაკავშირებით, "უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ". მეზვრიშვილის თქმით, Tbilisi Pride-ს 23 აპრილს გავრცელებული განცხადება რეალობას არ შეესაბამება. მან აღნიშნა, რომ "შეუთანხმებელი ნაბიჯები" დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას აზიანებს. მეზვრიშვილი ყველას მოუწოდებს, სანამ ოფიციალური შეხვედრები და მოსამზადებელი ღონისძიებები საწყის ფაზაშია, ყოველგვარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრჯერ უთქვამს და ახლაც ვიმეორებთ - სადაც უნდა მოხდეს, რა დემონსტრაციაც უნდა იყოს, ვინც უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, ყველას გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონის ფარგლებს, დავიცავთ. ეს ერთი. მეორე - ის განცხადება, რომელიც გუშინ "ლგბტ“ თემის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რეალობას არ შეესაბამება და სამწუხაროა ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯები, მით უმეტეს ორმხრივი თანამშრომლობის პირობებში.

შეუთანხმებელი ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას, ჩვენი, ყველას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესს. მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ ორშაბათს დავიწყეთ, არ დასრულებულა. შედეგების შესახებ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე, სახალხო დამცველს ინფორმაცია მივაწოდეთ და კიდევ მივაწვდით. ამიტომ დაველოდოთ, როცა მოახლოვდება თარიღი.

ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ. ეს ვუთხარით შეხვედრის მონაწილეებსაც და ეს იცის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. გადაჭრით რამეზე საუბარი, სანამ ღონისძიების თარიღი არ მოახლოვდება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და შფოთვები აბსოლუტურად ზედმეტია," -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თბილისი პრაიდის ცნობით კი, შსს-სგან მიიღეს დაპირება, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა 18-23 ივნისს დაგეგმილი კვირეული და "ღირსების მარში" მშვიდობიანად ჩატარდეს. 

კომენტარები