Game of thrones

მიიღებს თუ არა მონაწილეობას ღამის მეფე ვინტერფელის ბრძოლაში? - თეორია

ღამის მეფე

Game of Thrones-ის მეორე სერიის გამოსვლის შემდეგ, მაყურებლებში დაიბადა კითხვა - მიიღებს თუ არა მონაწილეობას ღამის მეფე ვინტერფელის ბრძოლაში?

მეორე სერიის დასასრულში ჩვენ ვხედავთ, რომ თეთრი მოსიარულეები უკვე ვინტერფელთან არიან, თუმცა მათ რიგებში ღამის მეფე ნამდვილად არ ჩანს.

ფოტო: HBO

თეთრი მოსიარულეები ვინტერფელის მისადგომებთან
ამის შედეგად წარმოიშვა თეორია, რომ ღამის მეფე საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას ვინტერფელის ბრძოლაში და ის, თავისი დრაკონი ვიზერიონით პირდაპირ მეფის სავანეში წავა.

ვინტერფელში შეკრებილ ადამიანებს ორი დრაკონი ჰყავთ და მათი მთავარი მიზანი ღამის მეფის განადგურებაა, რაც შეიძლება, ძალიან მარტივად შეძლონ, თუ ის ამ ბრძოლაში ჩაერთვება. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა დრაკონის ცეცხლით ღამის მეფის მოკვლა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ მის დრაკონს ვიზერიონს ეს ცეცხლი დაამარცხებს - ამიტომ, საეჭვოა, რომ ღამის მეფემ ვინტერფელში ჩასვლა გარისკოს.

გარდა ამისა, ამ თეორიას დამაჯერებელს მეორე სეზონში დენერისის ხილვაც ხდის. ხილვაში დენერისი რკინის ტახტის განადგურებულ ოთახში დგას, სადაც უწყვეტად თოვს და დენერისიც არა ტახტისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ მიდის და თავისი დრაკონების ხმას მიჰყვება.

არის კიდევ ერთი ხილვა, რომელმაც შეიძლება ამ თეორიის სისწორეში დაგვარწმუნოს - მეოთხე სეზონში ბრანი ხედავს დრაკონის ჩრდილს მეფის სავანეზე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს ჩრდილი დენერისის რომელიმე დრაკონს ეკუთვნოდა, თუმცა უკვე სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ღამის მეფის დრაკონის ჩრდილი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია შეიძლება ძალიან სწორად გვეჩვენებოდეს, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სერიალის პროგნოზირება ძალიან რთულია და ყველაფერი შეიძლება ისე მოხდეს, როგორც ვერც კი ვიფიქრებდით.

კომენტარები