მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი

თავისუფალმა საქართველომ გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა

"თავისუფალმა საქართველომ", მოძრაობა "თავისუფლებამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა" მოძრაობამ და "ჰელსინკის ჯგუფმა" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინეს. 

როგორც კახა კუკავამ დრეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ეროვნულ-კონსერვატიული პოლიტიკური ძალები საერთო მიზნის მისაღწევად გაერთიანდნენ.

"ყველა ობიექტური გამოკითხვით, ცესკო-ს მონაცემებითაც, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არჩევნებში მონაწილეობას იღებს ნაციონალური მოძრაობის და ოცნების ორივე პარტიის ერთად მხარდამჭერი მხოლოდ 30%. დანარჩენი 60-65% აბსოლუტურად ნიჰილისტურად არის განწყობილი ქართული პოლიტიკისადმი. უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ იმ მიწერილ მკვდარ სულებს, რომელსაც როგორც ნაციონალური მოძრაობა ისევე ოცნება იყენებდა თავის წინასაარჩევნოდ და თუ ჩვენ მათი ეს ბერკეტი აღვკვეთეთ, მაშინ ფაქტობრივად გამარჯვება ჩვენს მხარეს არის"- ამბობს ანდრიაძე.  

გიორგი ანდრიაძე არჩევნებში მონაწილეობას პარტია თავისუფალი საქართველოს სახელით (N9) მიიღებს.

ცნობისთვის, ანდრიაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. ის საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

კომენტარები