უვიზო მიმოსვლა

წულუკიანი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად.

"დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ბოროტად იყენებს უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი წერტილი სწორედ უვიზო მიმოსვლისა, რომ ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის, ჩასვლის და ჩამოსვლის უნიკალური შესაძლებლობა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ უვიზო რეჟიმი არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც ევროპული არჩევანი წინაპრების დროიდან აქვს გაკეთებული და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ",-აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, გაიზრდება მისი უსაფრთხოება და მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის კიდევ უფრო შეამცირებს საქართველოს
მოქალაქეების მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის რისკებს. მან აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა უკვე შეაფასეს დადებითად შენგენის ზონის ქვეყნების შესაბამისმა უწყებებმა.

კომენტარები