რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინის და ვლადიმირ პუტინის სამიტი დაიწყო

კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი
AFP

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ეს მათ შორის გამართული პირველი სამიტია. შეხვედრის გახსნისას მათ ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს.

"იმედი მაქვს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იქნება ორ ქვეყანას შორის უფრო სტაბილური და მყარი ურთიერთობის განვითარების კუთხით, რომელთაც დიდი მეგობრობა და ისტორია აქვთ." თქვა კიმ ჩენ ინმა.

"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი რუსეთში დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ როგორ შეგვიძლია გადავჭრათ პრობლემები კორეის ნახევარკუნძულზე და რა შეუძლია რუსეთს გააკეთოს პოზიტიური პროცესებისათვის ხელის შესაწყობად." თქვა ვლადიმირ პუტინმა.

კრემლის სპიკერის თქმით ისინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე ისაუბრებენ. დმიტრი პესკოვის თქმით კრემლს მიაჩნია, რომ ბირთვული განიარაღებისათვის ყველაზე ეფექტური იქნება იმ მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენა, რომელიც 2003 წელს დაიწყო და რომელშიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და აშშ იყვნენ ჩართული, თუმცა ამჟამად შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში საკუთარი ჯავშან-მატარებლით გუშინ ჩავიდა.

"იმედი მაქვს, რომ პატივსაცემ პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებისას შევძლებ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული პრობლემების განხილვას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას." უთხრა კიმ ჩენ ინმა რუსულ მედიას.

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მოსკოვში ჩრდილოეთ კორეისათვის აშშ-ის სპეციალური დესპანი სტივენ ბეიგანი გაემგზავრა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბირთვული განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს.

მანამდე კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდა ჩაატარეს, რასაც კიმ ჩენ ინი პირადად ესწრებოდა. ეს დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის სამიტის შემდეგ იარაღის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დონალდ ტრამპს "სწორი დამოკიდებულება" უნდა ჰქონდეს.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

კომენტარები