უკრაინა

პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსული პასპორტის აღება გაამარტივა

Vanity Fair

24 აპრილს კრემლში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გამარტივდა.

პუტინმა განკარგულებას უკრაინის არჩევნებიდან ერთ დღეში მოაწერა ხელი.

თავდაპირველად, 2017 წელს პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რაც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების პასპორტებს ვალიდურად ცნობს.  

"უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში პასპორტის გაცემა არის რუსული აგრესიის გაგრძელება და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით "რუსეთი ამ პროვოკაციული ქმედებით აძლიერებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას".

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ დაგმო შემთხვევა - "რუსეთი დამპყრობელი ქვეყანა არის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომობს... რუსეთზე დიპლომატიური წნეხი და სანქციები უნდა გაიზარდოს“.

აღნიშნულთან დაკავშირებით 25 აპრილს კიევის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. უკრაინა რუსეთს გაეროს წესდების დარღვევაში ადანაშაულებს.

"ჩვენ ამ დღეს დიდხანს ველოდით და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს დღე დადგა" - აღნიშნა ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტმა ლიდერმა დენის პუშლინმა. 

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში დენის პუშილინმა თქვა, რომ დონბასი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები