აშშ-რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

პუტინის თქმით აშშ-ის შეთავაზებული გარანტიები ფხენიანის დასარწმუნებლად საკმარისი არაა

0 კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მისი აზრით აშშ-ის მხრიდან შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები ფხენიანის დასარწმუნებლად, დახუროს ბირთვული პროგრამა, საკმარისი არ იქნება.

მისი თქმით ეს გარანტიები სხვა ქვეყნებმა უნდა გაამყარონ, რომლებიც წარსულში ამ საკითხზე მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული, მათ შორის რუსეთმა.

მისივე თქმით კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაცია განიხილეს:

"მანთ [ჩრდილოეთ კორეელებს] მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებათ. სულ ესაა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამაზე. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ თუ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც ერთი მხარის მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის, მოთხოვნილია რაიმე ტიპის უსაფრთხოების გარანტიები, ეს საერთაშორისო გარანტიების გარეშე შეუძლებელი იქნება. არაა მოსალოდნელი, რომ ორ ქვეყანას შორის რაიმე შეთანხმება საკმარისი იქნება." თქვა მან ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში საკუთარი ჯავშან-მატარებლით გუშინ ჩავიდა. ეს კიმის და პუტინის პირველი სამიტია.

შეხვედრის გახსნისას მათ ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს.

"იმედი მაქვს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იქნება ორ ქვეყანას შორის უფრო სტაბილური და მყარი ურთიერთობის განვითარების კუთხით, რომელთაც დიდი მეგობრობა და ისტორია აქვთ." თქვა კიმ ჩენ ინმა.

"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი რუსეთში დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ როგორ შეგვიძლია გადავჭრათ პრობლემები კორეის ნახევარკუნძულზე და რა შეუძლია რუსეთს გააკეთოს პოზიტიური პროცესებისათვის ხელის შესაწყობად." თქვა ვლადიმირ პუტინმა.

კრემლის სპიკერის თქმით ისინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე ისაუბრებენ. დმიტრი პესკოვის თქმით კრემლს მიაჩნია, რომ ბირთვული განიარაღებისათვის ყველაზე ეფექტური იქნება იმ მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენა, რომელიც 2003 წელს დაიწყო და რომელშიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და აშშ იყვნენ ჩართული, თუმცა ამჟამად შეჩერებულია.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბირთვული განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს.

მანამდე კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდა ჩაატარეს, რასაც კიმ ჩენ ინი პირადად ესწრებოდა. ეს დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის სამიტის შემდეგ იარაღის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დონალდ ტრამპს "სწორი დამოკიდებულება" უნდა ჰქონდეს.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები