აწარმოე საქართველოში

სახელმწიფო ჩაატარებს 900 ათასიან კამპანიას იმაზე, თუ როგორ ეხმარება ბიზნესს

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი
FB აწარმოე საქართველოში

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაარსებული სახელმწიფო უწყება აწარმოე საქართველოში აპირებს, საკუთარ საქმიანობაზე 900 ათას ლარიანი საინფორმაციო კამპანია ჩაატაროს. ამის შესახებ თავდაპირველად on.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია.

კამპანიის მიზანი იქნება, რომ "მოსახლეობამ გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოებისა და ზოგადად, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით."

აღწერაში ასევე ნათქვამია, რომ "სახელმწიფომ, როგორც ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების ავტორმა, უნდა დაიმკვიდროს პარტნიორისა და მხარდამჭერის იმიჯი."

კამპანიის მიზანი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაცაა:

"საზოგადოებაში უნდა დამკვიდრდეს აზრი, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკვე შეუქცევადია, ბიზნესგარემო კი გამოირჩევა სტაბილურობითა და ხელმისაწვდომობით."

შესყიდვა ტენდერის გარეშე ჩატარდება შეზღუდულ ვადებში, რაც იმითაა განმარტებული, რომ კამპანია კრეატიულ იდეებზეა დაფუძნებული და სატენდერო პირობებში გაწერილი ვერ იქნება. ღონისძიებების ჩატარების პერიოდი კი 2019 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით იქნება განსაზღვრული.

განკარგულებას შესყიდვის შესახებ ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. პროექტის ავტორია სსიპ "აწარმოე საქართველოში", ხოლო წარმდგენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო და გრაფიკული ვიდეორგოლების, აუდიორგოლებისა და ბილბორდების დამზადება. ამის პარალელურად, ჩატარდება ციფრული კამპანიაც.

სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს. მისი ამოცანა ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და იქნება ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული რეგიონებზე ფოკუსირებაა.

კომენტარები