ლევან ჯიბღაშვილის საქმე

ლევან ჯიბღაშვილი: ცნობილი ადამიანი ვარ, ცხოვრებისეულად ფართო შეხება მაქვს ადამიანებთან

მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა მისი დაკავებისა და გირაოთი გათავისუფლების შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, დაკავებისას მის მიერ ნახსენებ კახაში, ის თავის ადვოკატს, კახა ასლანიშვილს გულისხმობდა.

"დღეს თუ მე რამე მდგომარეობაში ვარ, მე თუ დღეს ყველაზე ცუდ სიტუაციაში ვარ, მე თუ დღეს რამე მჭირს, ეს საზოგადოებრივი დაინტერესება იქნება თუ დაჭერა იქნება, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება, ორგანოში, რომელშიც მუშაობს ეს ადამიანი და არის მინისტრის პირველი მოადგილე (კახა საბანაძე), როგორც ასეთი ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, მე ურთიერთობა არა ერთ ადამიანთან მაქვს. მე ვუთხარი, თქვენ შეგიძლიათ ჩაყვეთ ფოტოებს და მე ცუდად არ ვიხსენიებ ამას, მაგრამ მე მაქვს ბევრ გავლენიან ადამიანთან - ყოფილ პრემიერებთან, ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ შს მინისტრთან. მე ვარ ცნობილი ადამიანი, კარგად ვიცით ყველამ, მე ცხოვრებისეულად ფართო შეხება მაქვს სხვადასხვა ადამიანებთან, აქედან გამომდინარე ბევრ ცნობილ ადამიანთან ნახავთ ფოტოს პოლიტიკიდან გამომდინარე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ეს გამოყენებული მაქვს", - თქვა ლევან ჯიბღაშვილმა.

ლევან ჯიბღაშვილს Facebook-ზე ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული - შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, ქართული ოცნების დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ასევე ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი გასულ წელს ჯიბღაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავებულისთვის აღკვეთის სახით არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. 

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი 260-ე მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები