აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ასლი ბიზნესზე ზეწოლაზე: ასეთი რამ შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი არ მახსოვს

ტაბულა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ფადი ასლის, თქმით, აშშ-ის კონგრესში შესული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაეკისროს, საქართველოს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება. 

ამის შესახებ ფადი ასლი რუსთავი 2-თან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მე-6 ადგილზეა, ამას აღარვინ დაიჯერებს. 

"ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ბიზნეს გარემო არ არის ისეთი, როგორსაც მთავრობა წარმოაჩენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს. ბოლო 5 წლის განავლობაში უამრავ ინვესტორს შეექმნა აქ პრობლემა. 20 წელია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელიი ვარ და არ მახსოვს, რომ მსგავსი რამ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი,"- ამბობს ფადი ასლი. 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ ის კომპანიებია თავისუფალი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით. 

"ვიდრე მთავრობა უარყოფს ასეთი ვითარების არსებობას, სიტუაცია იგივე დარჩება, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ზეწოლა კომპანიებზე. დღეს მთავრობას აღარავინ ენდობა და ინვესტორებისთვის ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება,"- ამბობს ფადი ასლი. 

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა, დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაუწესდეს. 

ამ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სანქციები დაუწესდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ქვეყნის მთავრობის ქმედებები არღვევს ამერიკელ ბიზნესმენებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. 

სანქციები აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარებისა და კრედიტების აღების შეწყვეტას გულისხმობს, ასევე ამოქმედდება სავიზო შეზღუდვაც. 

კანონპროექტი კონგრესში 28 თებერვალს დარეგისტრირდა, თავდაპირველად ის საგარეო საქმეთა კომიტეტში გადამისამართდა, ხოლო შემდეგ საიმიგრაციო და მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომიტეტში.

კომენტარები