აშშ

ტრამპმა რუსეთს და ჩინეთს შესაძლოა ბირთვულ შეიარაღებაზე ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა თავის ადმინისტრაციას დაავალა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან შეიარაღების სფეროში ახალი ხელშეკრულების პროექტი შეიმუშავოს.

The Washington Post-ისა და CNN-ის ინფორმაციით, ადმინისტრაციის ერთერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, რომ ხელშეკრულებამ რუსეთის ამჟამად ხელშეკრულებით არარეგულირებულ ბირთვულ იარაღს ახალი ლიმიტები უნდა დაუწესოს. აშშ-მ ასევე ჩინეთიც უნდა დაარწმუნოს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს, რითაც მათი შეიარაღების პოტენციალის შემოწმება და შეკავება შეეძლებათ.

ამგავრი შეთანხმების მიღწევას შესაძლოა წლები დასჭირდეს, თუმცა ინიციატივა ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. ადმინისტაციის წარმომადგენლები ამზადებენ ვარიანტებს თუ როგორ შეასრულონ ტრამპის განკარგულება.

"პრეზიდენტის მითითებით, ჩვენ უნდა გამოვნახოთ უფრო ამბიციური შეთანხმება შეიარაღებაზე, რაც უნდა მოიცავდეს მეტ იარაღს და ეს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს არ უნდა ეხებოდეს," - აცხადებს ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი.

აპრილში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პეკინთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, სამხედრო შეიარაღების ხარჯის შემცირების შეთანხმების დადებას განიხილავდა.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ მომავალში პუტინთან და სი ძინპინთან განიხილავდა უკონტროლო შეიარაღების შეჯიბრის შეწყვეტას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვება 2 თებერვლიდან დაიწყო და 6 თვეში სრულად დატოვებს მას. აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთმაც დაიწყო შეთანხმების დატოვება.

აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დროინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევდა და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

"საფრთხე აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვება არაა. საფრთხე რუსეთის მიერ უკვე განთავსებული რაკეტებია," - თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა.

ბოლტონმა ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმება თანამედროვე რეალობას არ შეესაბამება, რომელშიც მსგავს რაკეტებს სხვა ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანიც ქმნიან.

"რუსეთის შეთანხმებას არ ასრულებს. სანამ გონს არ მოეგებიან, ჩვენ სხვებზე მეტი ფული გვაქვს, ჩვენ შევიარაღდებით," - თქვა დონალდ ტრამპმა და შეკითხვაზე, არის თუ არა ეს მუქარა ვლადიმირ პუტინისკენ მიმართული უპასუხა: "ვიკენაც გსურთ, იმისკენ არის მიმართული. ეს მოიცავს ჩინეთსაც, რუსეთსაც და ნებისმიერს, ვისაც ამ თამაშის თამაში სურს. ამას ვერ გააკეთებთ. ამ თამაშს ვერ მეთამაშებით."

ჩინეთმა ხელშეკრულების დატოვების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო.

კომენტარები