ესპანეთი

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

The Guardian

ესპანეთში ახალ მთავრობას ირჩევენ - 28 აპრილს ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ესპანეთის 52 რეგიონში ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატისთვის 350 დეპუტატს და 208 სენატორს ირჩევენ.

22 აპრილს ელ პეის გაზეთში გამოქვეყნებული გამოკითხვით, სოციალისტები 30%-ით ლიდერობენ, მას მოსდევს კონსერვატიული სახალხო პარტია 20%-ით, ცენტრისტულ მემარჯვენე "მოქალაქეების" პარტიასა და მემარცხენე პარტიას "ჩვენ შეგვიძლია" დაახლოებით 14-14% უჭერს მხარს, ხოლო ულტრამემარჯვენე ვოქსს 11%. ვარაუდობენ, რომ მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა გახდება აუცილებელი, თუმცა, პოლარიზებულ გარემოში ხელახალი არჩევნების დანიშვნასაც არ გამორიცხავენ.

სოციალისტები - ტრადიციული მემარცხენე იდეოლოგიის პროევროპული პარტიაა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ გადასახადები მაღალი უნდა იყოს, ხოლო სოციალურ დახმარებებზე მეტი უნდა დაიხარჯოს. პარტიას მეტი დიალოგი სურს კატალონიელებთან, თუმცა რეგიონის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან.

სახალხო პარტია - კონსერვატული იდეოლოგიის პროევროპული პარტია. პარტიას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება სურს. ისინი ეწინააღმდეგებიან კატალონიის გამოყოფას.

პარტია "ჩვენ შეგვიძლია" - ულტრამემარცხენე პარტია, რომელიც 2012 წელს დაარსდა. ის პროევროპულია და გარემოს დაცვის პრიორიტეტი აქვს. მათ სურთ. რომ კორპორაციებსა და მდიდარ მოქალაქეებს მაღალი გადასახადები დაუწესდეს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ რეგიონებს თვითგამორკვევის უფლება უნდა ჰქონდეთ.

პარტია "მოქალაქეები" - ცენტრისტული მემარჯვენე პარტია, რომელიც ბაზრის პრინციპებს ემხრობა. პარტია კატალონიის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.

ვოქსი - ულტრამემარჯვენე პარტია, რომელიც მულტიკულტურალიზმს ეწინააღმდეგება და ესპანეთის რეგიონების თვითმმართველობის დასრულება სურთ.

კომენტარები