აშშ

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

როდ როზენსტეინი
AFP

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენსტეინმა თანამდებობა დატოვა. ის რობერტ მალერს სპეციალურ გამოძიებას ზედამხედველობდა, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირებს იძიებდა.

2017 წელს, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა, სწორედ როზენსტეინმა დანიშნა სპეციალური გამოძიების ხელმძღვანელად გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი რობერტ მალერი.

თანამდებობიდან გადადგომის წერილი როზენსტეინმა მას შემდეგ წარმოადგინა, რაც გამოძიების დასკვნის რედაქტირებული ვარიანტი გასაჯაროვდა.

გამოძიებამ ვერ დაადგინა ჰქონდა თუ არა ადგილი შეთქმულებას ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის 2016 წლის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. ასევე, სპეციალური გამომძიებელი დონალდ ტრამპს კანონების ობსტრუქციაში ღიად არ ადანაშაულებს, თუმცა არც ბრალდებებისაგან ათავისუფლებს მას.

როზენსტეინი პოსტზე ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს დაინიშნა. მის მიერ თანამდებობის დატოვებას მას შემდეგ მოელოდნენ, რაც გენერალური პროკურორის თანამდებობა უილიამ ბარმა დაიკავა.

განსაკუთრებით კი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც როზენსტეინი პრეზიდენტის ფარულად ჩაწერას და შემდეგ ჩანაწერის საფუძველზე მის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავდა. მან ინფორმაცია უარყო, ხოლო პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეს სარკასტული საუბარი იყო, თუმცა ტრამპმა როზენსტეინი არალეგალურ საქმიანობაში და ღალატში დაადანაშაულა.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა როზენსტეინის შემცვლელად უკვე წამოაყენა ჯეფრი როსენის კანდიდატურა.

კომენტარები