ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრები ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროპული საქართველოს წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობას შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წევრებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს, საუბარი შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების საკითხს, ვიზალიბერალიზაციას, სასამართლოს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. პარტიის ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს მეგობრები ამ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.

"იმ საკითხების სია, რაც წარმოადგენს ევროპული საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად დემოკრატიული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანს, საკმაოდ ვრცელია, საკვანძო საკითხები არის, რა თქმა უნდა, ზოგადად პოლიტიკური ვითარება და კურსი, რაც უჭირავს ივანიშვილის გუნდს. არა ანგარიშვალდებული დემოკრატიის, არამედ ერთ პირზე ჩამოკიდებული სისტემის, რომელიც ინსტიტუტებს პატივს არ სცემს. ეს ყველაზე უფრო მწვავედ გამოვლინდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და ის ძალიან მწვავე შეფასებები, რაც ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, არათუ შესრულებული არ არის სერიოზული დისკუსიაც კი არ არის დაწყებული ამ საკითხზე. ეს შეეხება, რა თქმა უნდა, სასამართლოს საკითხს და იმ პროცესს, რომელიც განვითარდა, როცა არც კი დაელოდნენ ვენეციის კომისიის და ოდირის რეკომენდაციებს, ისე დაასრულეს მეორე მოსმენა კომიტეტში, რასაც სიმბოლური მნიშვნელობაც კი ჰქონდა, დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელობანია, რომ ყველა ამ საკითხზე საქართველოს მეგობრებს აქვთ განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი და ეს დაეხმარება საქართველოს, ოღონდ მას შემდეგ ბუნებრივია, როცა დემოკრატიული გზით ეს ხელისუფლება შეიცვლება. ევროკავშირი ისე, როგორც თავისუფალი სამყარო, მთლიანად ევროატლანტიკური სივრცე, ეს არის სივრცე, სადაც ინსტიტუტებია მნიშვნელოვანი და არა არაფორმალური მმართველების დაკვეთა და სადაც სასამართლო არის ქვაკუთხედი, ქვეყნის ნორმალური განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის და ეს საქართველოში დღეს ასე არ არის," - ამბობს გიგა ბოკერია.

"მთავარი თემა, რაც სტუმრებს აინტერესებდათ იყო მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. სრულიად მკაფიოა ევროკავშირის პოზიცია, რომ აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობაში რაც შეიძლება სწრაფად იქნას გათვალისწინებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაიცა ოდირის და სადამკვირვებლო მისიების მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე და შედგეს დიალოგი საქართველოში პოლიტიკური სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა, თუმცა, გარდა ამისა, მათ ძალიან აინტერესებდათ სასამართლოს საკითხი, ის კანონმდებლობა, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში და დამოკიდებულება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ასევე, ბუნებრივია ვისაუბრეთ, ვიზალიბერალიზაციაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს არსებობს ამ მიმართულებით და ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ვფიქრობ, მთლიანობაში იყო ძალიან გულახდილი და საინტერესო დისკუსია. კარგია, რომ ევროკავშირს გააჩნია ასეთი ინტერესი, მათ შორის, კრიტიკული ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ და იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა პასუხისმგებლობა გაითვალისწინოს ჩვენი მეგობრების ძალიან მკაფიო პოზიცია და რეკომენდაციები," - თქვა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები