აშშ-ჩინეთი

პეკინში აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ახალ რაუნდი დაიწყო

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

აშშ და ჩინეთი პეკინში სავაჭრო მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებენ. მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრდიან სავაჭრო წარმომადგენელი რობერთ ლაითჰაიზერი და ჩინეთის ვიცე პრემიერი ლიუ ჰი მიიღებენ მონაწილეობას.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

წლის დასაწყისში აშშ ტარიფების 10-დან 25%-მდე აწევას გეგმავდა, თუმცა მისი აღსრულება შეაჩერეს, რათა შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები გამართულიყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა ბევრ რთულ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა გადასაჭრელი პრობლემები კიდევ დარჩა.

მოლაპარაკებებზე განიხილავენ როგორ მოხდება შეთანხმების აღსრულების კონტროლი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხს და დაწესებული ტარიფების მოხსნას.

მოლაპარაკებები 8 მაისს ვაშინგტონში გადაინაცვლებს.

კომენტარები