გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდელებს წერილი გაუგზავნა

გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ჰერმან საბო
Facebook/ Nika Memarnishvili

პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ, მთაწმინდის მაცხოვრებლებს ღია წერილით მიმართა. 

წერილი, რომელშიც საბო ამომრჩეველს საკუთარ თავს აცნობს და მათ უხსნის, რა სიკეთეები შეიძლება, მოჰყვეს მის არჩევას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდელებს დაურიგა. 

პარტია წერილის ასლს Facebook გვერდით ავრცელებს:

 

"მე ჰერმან საბო ვარ. მართლა ასე მქვია. უნგრული წარმოშობის წინაპრები მყავს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ გადმოსახლდნენ საქართველოში.

19 მაისს, როგორც გირჩის კანდიდატი, მონაწილეობას ვიღებ საპარლამენტო არჩევნებში. წერილით როგორ უნდა გითხრათ სათქმელი ისე, რომ თან წაკითხვა არ დაგეზაროთ და თან დაგვიჯეროთ, ამაზე მთელი ოფისი ვფიქრობდით.

არ ვიცი, გირჩის შესახებ გსმენიათ თუ არა. პარტიაა ასეთი, შედარებით ახალი და ბევრის აზრით, ყველასგან განსხვავებული. თუ გსმენიათ, შეიძლება მეტწილად ცუდიც კი გაგეგოთ, მაგრამ ბოროტ ხმებს ნუ დაუჯერებთ. მე გეტყვით, ჩემთვის რა არის გირჩი.

ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვფიქრობთ, რომ:

• ვართ თავისუფალი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, რაციონალური არსებები და რადგან ერთმანეთს ასე ვუყურებთ, ამიტომ ვართ ადამიანები და არა ცხვრები, რომლებიც უკეთეს მწყემსს ეძებენ;

• თითოეულს გვაქვს ერთხელ მოცემული სიცოცხლე და მის გაფრთხილებასა და ღირსეულად გატარებაზე ჩვენზე მეტ პასუხისმგებლობას დედამიწის ზურგზე ვერავინ აიღებს. და რადგან ასეა, თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად გვჭირდება თავისუფლება. სრული თავისუფლება საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად და არა სისტემის მიერ ჩვენთვის გამზადებული როლის სათამაშოდ;

• თითოეულს გვჯერა, რომ ჩვენი სხეული ჩვენია, და არავის აქვს უფლება განგვისაზღვროს რას დავლევთ, რას შევჭამთ და ყირაზე როგორ გადავალთ, ვიდრე ამით სხვა ადამიანს არაფერი უშავდება;

• თითოეულს გვჯერა, რომ ჩვენი შრომით შექმნილი, ან სხვის მიერ ნებით მოცემული საკუთრება ჩვენია;

• თითოეულს გვჯერა, რომ მკაფიო საზღვარი ჩვენს თავისუფლებებს შორის გადის სხვა ადამიანის სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და საკუთრებაზე, რაც ნიშნავს, რომ ძალადობა დაუშვებელია;

• ასევე გვჯერა, რომ გვაქვს თავდაცვისა და მოყენებული ზარალის ანაზღაურების სრული უფლება. რუსი და ქართველი ბოლშევიკების მიერ ჩვენი წინაპრებისთვის ჩამორთმეული საკუთრება თითოეული ჩვენგანის საერთო მემკვიდრეობაა და უზარმაზარი საგანძურის სისტემისთვის გასანიავებლად ჩაბარება დანაშაულია საკუთარი ცხოვრებისა და მომავალი თაობების წინაშე.

ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ყაჩაღს, რომელიც იარაღის მუქარით გვართმევს ქონებას და სისტემას/სახელმწიფოს შორის, რომელიც პოლიციის ძალით გვართმევს საკუთრებას ან სიცოცხლის ნაწილს.

აქამდე, მსგავსი რამ, თქვენთვის ალბათ არც ერთ პარტიას ან კანდიდატს არ უთქვამს. ეს იმიტომ, რომ ისინი ყველანი ერთი სისტემის ნაწილები არიან.

* სისტემა

სწორედ ამიტომ ჩვენ ვიბრძვით, ოღონდ მართლა ვიბრძვით, სისტემის დასანგრევად, რომელიც თავისი არსით არის საბჭოთა.

სისტემის, რომელიც:

• ყოველ ღამე გამცირებთ რეიდებით და ჩხრეკებით და გისოსებს მიღმა ამწყვდევს ადამიანებს, რომელთაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ;

• 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს უყურებს როგორც მონებს, რომელთაც დაბადებიდან აქვთ ვალდებულება ცხოვრების ერთი წელი უფასოდ უყარაულონ გაზულუქებული სისტემის ბიუროკრატების უსაფრთხოებას, და ამას სამშობლოს წინაშე ვალის მოხდად ასაღებს;

• 2 ლარიან სიგარეტში გახდევინებთ 6 ( ! ) ლარს და თან უსირცხვილოდ გატყუებთ, თითქოს ეს თქვენი კეთილდღეობისთვის კეთდება;

• სახლს არ გაშენებინებთ, არც განგრევინებთ, გეუბნებათ, რომ სიკვდილამდე უნდა იცხოვროთ კედლებდაბზარულ სახლში, სადაც წვიმა ჩამოდის, რადგან ის თურმე „კულტურული მემკვიდრეობა“ ყოფილა;

• საკუთარ ეზოში ხის მოჭრის უფლებას არ გაძლევთ, თავად კი ჰექტრობით ჩეხავს და ყველასგან დაუკითხავად საზღვარგარეთ გასაყიდად გააქვს;

• მართლმსაჯულების სისტემას აბარებს ჯალათებს და გვეუბნება, რომ მათ ფერი იცვალეს და მორალური ადამიანები გახდნენ;

• მომავალ თაობებს ცხოვრებასა და თავისუფლებას კი არ ასწავლის, არამედ როგორ შეეგუონ უხმაუროდ მონობასა და ირგვლივ გამეფებულ უსამართლობას;

• მილიარდობით დოლარის ღირებულების ქონებას, მიწა იქნება ეს, ტყე თუ საბადოები, სახელმწიფო საკუთრებას ეძახის, საკუთარი კეთილდღეობისთვის მოიხმარს, თქვენ კი გარწმუნებთ, რომ ამ ქონების თქვენთვის დაბრუნება არ შეიძლება და სიღარიბეში უნდა ამოგხდეთ სული;

• და ა.შ. და ა.შ.

*

ასეთ გარემოში ცხოვრება საშიშია. დღეს ეს, ჩვენთან ერთად, უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის. იცით რატომ?! იმიტომ, რომ ფოკუსირებულად ვაჩვენეთ საზოგადოებას სისტემის არაადამიანური ძალადობა ნარკოპოლიტიკისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მაგალითებზე. საზოგადოების მხარდაჭერა მოვიპოვეთ მორალურ ფრონტზე და შემდეგ უკვე სისტემისვე წესებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოვუგეთ მას ბრძოლა კანაფის ლეგალიზაციისთვის, რის შედეგადაც ასობით ათას ადამიანს პოლიცია ვეღარ უმწარებს ცხოვრებას, ვეღარ ართმევს ფულს და ვეღარ უშვებს ციხეში.

ჩვენ მოვუგეთ სისტემას მეორე ბრძოლაც და ათობით ათასი ახალგაზრდა დავიცავით ერთწლიანი სავალდებულო მონობისგან, ოჯახისა და ცხოვრების დანგრევისგან.

და ეს ყველაფერი გავაკეთეთ ყოველგვარი თანამდებობის ან ფორმალური ძალაუფლების გარეშე.

ეს შევძელით მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გავაგებინეთ როგორია სწორი მორალი, გავიჩინეთ თანამოაზრეები და სისტემამ ვეღარ გაბედა ჩვენი დასჯა.

ჩვენ ვიზრდებით დღითიდღე და ზუსტად ვიცით, რომ საბოლოო ჯამში აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ სისტემაზე და დავანგრევთ მას. მაგრამ ძალიან გვინდა, რომ ეს გავაკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად.

*

19 მაისს თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში გექნებათ გასაკეთებელი არჩევანი. მინდა გითხრათ, რატომ უნდა ამირჩიოთ მე:

ა) თუ დარჩებით სახლში, რადგან „მაინც არაფერი შეიცვლება“ - მართლა არაფერი შეიცვლება

ბ) თუ წახვალთ არჩევნებზე და მხარს დაუჭერთ სახელისუფლებო კანდიდატს, ისევ არაფერი შეიცვლება

გ) თუ წახვალთ არჩევნებზე და მხარს დაუჭერთ სტანდარტული ოპოზიციის კანდიდატს, ისევ არაფერი შეიცვლება

ე) ხოლო თუ წახვალთ არჩევნებზე და მხარს დამიჭერთ მე, ამით გირჩს მოგვცემთ შანსს, თქვენი სახელითაც ვიბრძოლოთ მეტი თავისუფლებისთვის.

დაგვეხმარეთ, რომ ერთი ადამიანით მაინც, როგორც მზვერავით, შევიდეთ სისტემის შიგნით, რათა ვიცოდეთ რა საფრთხე გველის შემდეგი წელიწადნახევრის განმავლობაში.

იმათაც კი, ვისაც გიჟები გგონივართ და ჩვენი გეშინიათ, დაგამშვიდებთ, რომ ერთი ადამიანი განა რას დაუშავებს თქვენ მიერვე აქამდე არჩეულ 149 პარლამენტარს?!

მთაწმინდელებო, თქვენ აირჩიეთ სალომე. ორჯერ. ჯერ მაჟორიტარ დეპუტატად, შემდეგ პრეზიდენტად. ცნობილი ამბავია, რომ მაჟორიტარული სისტემა ფარსია და არანაირი ბერკეტი დეპუტატს ადგილობრივი საქმეების მოსაგვარებლად არ გააჩნია. მაჟორიტარული არჩევნები ფარსი რომ არ იყოს, ჩემი და გირჩის მეგობრების მთაწმინდაზე მასიური გადასახლება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ეპატაჟური კამპანია კი არა, არასწორი ქცევა და სიყალბე იქნებოდა.

ჰო ყველას გვახსოვს, 2012 წლის არჩევნებზე ასობით ათასი ადამიანი როგორ გაემგზავრა ქალაქებიდან რეგიონებში „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად, რათა არჩევანი რეგისტრაციის და არა რეალური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაეფიქსირებინა. ამით კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ სისტემისთვის რეგისტრაციასა და საცხოვრებელ ადგილს შორის კავშირი მხოლოდ გირჩის შემთხვევაშია საინტერესო.

*

თუ გადაწყვეტთ საკუთარი წვლილი შეიტანოთ თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში, მინდა იცოდეთ რას ნიშნავს ეს.

ჩვენი იდეა მარტივია. ჩვენ ადამიანებს ვაფასებთ მათ მიერ საერთო საქმეში შეტანილი წვლილის მიხედვით და ამისათვის თითოეულ შემოწირულ ლარს და თითოეულ გაკეთებულ საქმეს აღვრიცხავთ.

აღრიცხვის ერთეულია ჩვენი უნიკალური ვალუტა: ე.წ. GeD – Georgian Dollar - ქართული დოლარი, მოფერებით „ჯედი“ (თან ვარსკვლავური ომების ჯედაის გვაგონებს და მოგვწონს).

GeD მულტიფუნქციური ერთეულია, ის ერთდროულად არის:

1. გირჩის ამომრჩევლის წონა
2. გირჩის პოლიტიკოსის რეიტინგი
3. შიდა-პარტიული გადაწყვეტილებების მისაღები საზომი
4. საერთო საკუთრებაში წილის დამადასტურებელი საპრივატიზაციო ვაუჩერი
5. ციფრული ფული.

ჯედებით მოხდება ხმის მიცემა პოლიტიკოსებისთვის, ვინც 2020 წელს გახდებიან პარლამენტის წევრები გირჩის პარტიული სიით, ხოლო თამაშის ბოლოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველოს მოქალაქეები ჯედების მეშვეობით დავიბრუნებთ მთელ ქონებას, რომელსაც კანონიერი მემკვიდრეებისგან ანუ ჩვენგან დღემდე ავი ძაღლივით იცავს საბჭოთა სისტემა.

მთავრობის ხელში, სულ მცირე, დაახლოებით $50 მილიარდი დოლარის ქონებაა და საქართველოს მოქალაქეები 5 მილიონი ადამიანიც რომ ვიყოთ, ერთ ადამიანზე (ახალშობილიდან, საქართველოს უხუცეს მოქალაქეზე) $10,000 დოლარის ქონება გამოდის. ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი, საშუალო (ოთხწევრიანი) ქართული ოჯახის $40,000-ით გამდიდრება.

ამ თამაშში ჩვენი მტერია იდეა, რომლის მიხედვით თქვენ ხართ ცხვრები და თქვენ უნდა გმწყემსონ, თქვენ ამის გჯერათ და ჩვენი კონკურენტები ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელი უკეთესი და უფრო მოწყალე მწყემსი იქნება.

მათგან განსხვავებით, ჩვენ გთავაზობთ:

1. გირჩის იდეის შეშვებას დახურულ სისტემაში

2. ქართველობის, თავისუფლებისა და საკუთრების დაბრუნებას.

ერთ წერილში ამ თამაშის დეტალების ახსნა შეუძლებელია და ამიტომაც გამოვჩნდით ჩვენ, გირჩის „მისიონერები“ მთაწმინდის ბირჟებზე, სკვერებსა და იტალიურ ეზოებში და მზად ვართ პასუხი გავცეთ კითხვებს, რომლებიც თქვენ აუცილებლად დაგებადებოდათ, თუ ამ წერილს სერიოზულად წაიკითხავდით.

P.S. ჩვენ შეგვიძლია დაგანახოთ გზა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ეს გზა თითოეულმა თქვენგანმა დამოუკიდებლად უნდა გაიაროთ". 

არჩევნები 19 მაისს გაიმართება. საბოს ოპონენტი მმართველი პარტიიდან ლადო კახაძე იქნება, საარჩევნო ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" კი შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც უჭერს მხარს. 

კომენტარები