დავით გარეჯის მონასტერი

ზურაბ დავითაშვილი: დავით გარეჯის საკითხის ოკუპაციის პრობლემასთან დაკავშირება არ შეიძლება

ლიბერალი

პოლიტიკის მკვლევარი, პროფესორი ზურაბ დავითაშვილი დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. 

"ალბათ ძნელად მოიძებნება ქართველი კაცი, რომელიც გულგრილი იყოს დავით გარეჯის პრობლემის მიმართ. მართლაც რა უნდა იყოს უფრო აღსაშფოთებელი რომ შენი ისტორიისა და კულტურის დიდებულ ძეგლთან მისვლას მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მესაზღვრეები გიკრძალავდნენ.

მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, რომ შეიძლება კიდევ უფრო უარეს პრობლემებს შევეჩეხოთ, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელიც კი გახდეს. ამ ესკალაციის მიზეზი კი მოვლენის არსზე ზედაპირული წარმოდგენაა.

როდესაც გვესმის, რომ აზერბაიჯანელები შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე და დაეუფლნენ ჩვენს ძეგლებს, ან როცა გვესმის, რომ ეს ძეგლები ივანიშვილმა, სააკაშვილმა თუ შევარდნაძემ აზერბაიჯანს დაუთმო, დამეთანხმებით, მართლაც ძნელია თავის შეკავება და შეიძლება საქმე შეტაკებამდეც მივიდეს, რაც კატასტროფა იქნება. ამას ჩვენი მტრებიც ელოდებიან და შესაძლებელია, სულ ერთმა პროვოკატორმაც კი უმართავ პროცესებამდე მიგვიყვანოს.

არადა აუცილებელია ვიცოდეთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.

ყველაფერი კი იმ ავადსახსენებელ 1921 წელს დაიწყო, როცა მანამდე თბილისის გუბერნიის ნაწილი - ქვემო ყარაიას ველი (ზაქათალის ოკრუგთან ერთად) აზერბაიჯანის სსრ-ს შემადგენლობაში მოხვდა, ქართველი ბოლშევიკების დათმობის გამო. ამ გამიჯვნის შედეგად, დავით გარეჯის კომპლექსის 16 მონასტრიდან, 3 (ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო) აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ასეთია ფაქტი და ყველა მსხვილმასშტაბიან ტოპოგრაფიულ რუკებზე ეს დასტურდება. ამ საზღვარს აქამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ ახლა როგორც ჩანს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა იმ საზღვრის დემარკაცია მოახდინოს, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა დაუწესა (იმასაც ამბობენ, რომ ეს გააქტიურება ბაქოში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ მოხდა). ერთი, სიტყვით, აზერბაიჯანი გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს და ამაში მას ზურგს სამართლებრივი საფუძველიც უმაგრებს.

რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში საქართველომ?

ალბათ ყველაზე სწორია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მთელი ძალისხმევა მიმართოს, რომ დაითანხმოს აზერბაიჯანი, ამ სამი მონასტრის სანაცვლოდ საქართველოსგან მიიღოს სხვა ტერიტორია (თუნდაც უფრო დიდი, ვიდრე ეს სადავო ტერიტორიაა). მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აზერბაიჯანი ამას არ თანხმდება, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს ძეგლები არა ქართული, არამედ ალბანურია, რომლის მემკვიდრეობაზეც აზერბაიჯანი პრეტენზიას აცხადებს და ამიტომ თვლის, რომ არ შეიძლება ისინი საქართველოს დაუბრუნოს.

ალბათ საჭირო იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევა, არამედ მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ მუდმივად ხაზის გასმა, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია და არა ალბანური. მანამდე კი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს აზერბაიჯანთან შეთანხმების მიღწევა, რომ სასულიერო პირებმა, მლოცველებმა და ტურისტებმა დაუბრკოლებლივ მიაღწიონ ბერთუბანს, ჩიჩხიტურსა თუ უდაბნოს. დაფიქრებულად უნდა მოიქცეს ყველა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი თუ ჟურნალისტი. ნამდვილად არ შეიძლება ამ პრობლემის დაკავშირება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემასთან", - ამბობს დავითაშვილი. 

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.

26 აპრილს დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტება. 

კომენტარები