გერმანია-აშშ

გერმანიის ელჩი აშშ-ის კონგრესს სთხოვს, რომ რუსულ კომპანიებს სანქციები არ დაუწესონ

Bundesregierung

აშშ-ში გერმანიის ელჩმა ემილი ჰაბერმა კონგრესის წევრებს 2 გვერდიანი წერილი მიწერა. წერილის შინაარსიდან ვიგებთ, რომ გერმანელი ელჩი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სანქციების გამკაცრებას ეწინააღმდეგება. ელჩმა კონგრესმენებს თხოვნით მიმართა, რომ გერმანიაში ორი რუსული საწარმოს წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს.

"შეშფოთებულები ვართ, რომ კონგრესი რუსეთის ენერგო სექტორზე ამჟამად დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს," - წერს ჰაბერი.

მისი თქმით, სანქციებმა შესაძლოა "ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე იქონიოს გავლენა... გერმანიისა და ევროპის კეთილდღეობას ორივე, თხევადი გაზი და რუსული მილსადენი სჭირდება".

"რუსეთის ენერგო სექტორზე სანქციების დაწესებისას, ჩვენმა ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ," - აღნიშნა ელჩმა.

ჩრდილოეთის ზღვაში თხევადი გაზის ტერმინალები შენდება, რაც 2022 წლიდან უნდა ამოქმედდეს. წერილში ის აღნიშნავს, რომ რუსული გაზის კომპანიის ნოვატეკისთვის სანქციების დაწესება - "ზიანს აყენებს გერმანიაში თხევადი გაზის იმპორტის მიღებასა და გერმანიაში მის განვითარებას". მუქარა აშშ-ს მიემართება, რადგან აშშ გერმანიას ახლო მომავალში თხევადი გაზი საექსპორტო ბაზრად განიხილავს.

"მე ვშიშობ, რომ როსტოკში დაგეგმილი თხევადი გაზის ტერმინალები, შესაძლოა DASKA სანქციებმა შეაფერხოს, რადგან რუსული ფირმა ნოვატეკი მცირე აქციას ფლობს," - წერს ელჩი.

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული კომპრომისი მესამე ქვეყნებიდან, როგორიც რუსეთია, ევროკავშირის ქვეყნების ბუნებრივი აირის დირექტივების გამოყენების შესახებ "საერთო ევროპული პოზიციას" გამოხატავს ნორდ სტრიმ 2- ზე, როგორც ამას აშშ მოითხოვდა.

ჰაბერი წერს - "ეს უკვე მიღწეულია", შემდეგ კი ხაზგასმით აღნიშნავს - "პროექტის წინააღმდეგ აშშ-ს ნებისმიერი დამატებითი ნაბიჯი კონტრპროდუქტიული იქნება და ძირს უთხრის ევროპულ შეთანხმებას, რამაც ევროპული ენერგო უსაფრთხოების პოლიტიკის რთული საკითხი გადაჭრა".

ლიტველი ელჩის, დარიუს სემასკამ აღნიშნა "ევროპული ბუნებრივი აირის დირექტივების კომპრომისის მიუხედავად, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ლიტვის მთავრობა ნორდ სტრიმ 2-ს ეწინააღმდეგება, რადგან არ მიგვაჩნია, რომ ეს ევროპის ინტერესებში არის".

აშშ-ს კონგრესის თანამშრომლები შოკირებულები არიან გერმანელი ელჩის წერილით, რომელიც "ცალსახად რუსეთის მხარესაა".

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჰაბერის ქმედება სრულიად ახალი რამაა, რადგან ის არმცთუ ხსნის გერმანიის პოზიციას, არამედ კონგრესის წევრებს სთხოვს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს პოლიტიკის შეცვლას.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ემილი ჰარბერის წერილთან დაკავშირებით თქვეს, რომ მათ უწყვეტი და ახლო კონტაქტი აქვთ აშშ-სთან, მათ შორის სანქციების საკითხზე, თუმცა შეერთებული შტატების პოტენციური ზომები მომავალში ევროკავშირთან უნდა იყოს შეთანხმებული რათა სანქციებმა სასურველი შედეგი გამოიღოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე, რომელიც უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

გასულ წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ტრამპმა ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს.

"ამიტომ ვულოცავთ პოლონეთის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც ბალტიის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, რათა რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებული. გერმანია სრულად იქნება რუსეთზე ენერგოდამოკიდებული, თუ კურსს არ შეცვლის." თქვა მან.

2019 წლის იანვარში გერმანიაში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ გრენელმა ნორდსტრიმის მეორე გაზსადენის პროექტზე მომუშავე გერმანულ ფირმებს წერილები გაუგზავნა, რომელშიც მათთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ გააფრთხილა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით ოფიციალური ვაშინგტონი პროექტს იმიტომ აკრიტიკებს, რომ საკუთარი ბუნებრივი აირის ექსპორტის ხელშეწყობა სურს.

კომენტარები