17 მაისი

ნინო ქათამაძე: ოჯახის სიწმინდის დღის გალა კონცერტში არ ვმონაწილეობ

ნინო ქათამაძემ ტაბულას უთხრა, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ გალა კონცერტში არ მონაწილეობს. 

ორგანიზაცია "დავითიანნიში" ტაბულას უთხრეს, რომ "ნინო ქათამაძის მოთხოვნა იყო, მისთვის აკომპანიმენტი ნიკოლოზ რაჭველს გაეწია და ახლა მოლაპარაკებები სწორედ ნიკოლოზ რაჭველთან მიმდინარეობს". 

ამაზე მისთვის დასმული კითხვა ქათამაძემ უპასუხოდ დატოვა. 

მისმა პროდიუსერმა, ბუკა კარტოზიამ კი On.ge-ს​ დაუდასტურა, რომ ქათამაძემ მსგავსი შემოთავაზება საპატრიარქოსგან მიიღო, თუმცა უარი განაცხადა.

მოგვიანებით კარტოზია კვლავ დაუკავშირდა On.ge-ს და ეს ფორმულირება უარყო. 

"მიიღეს შეთავაზება ნიკოლოზ რაჭველმა და ნინომ, მაგრამ არ არის ნიკოლოზ რაჭველი სიაში, ნინო ვერ იმღერებს... მე თქვენ რანაირადაც დაგელაპარაკეთ, ასეთი რაღაც არ უნდა გაგეკეთებინათ... არ მომიყვანოთ მანდ... იდიოტი, ესა... იდიოტი ხარ... კითხვა დაუსვი ბებიაშენს... ნინო ქათამაძე იზიარებს ოჯახის ღირებულებებს, ამაზე უარს ვინ იტყვის. უბრალოდ, ვერ იმღერებს... რას ემიჯნება მნიშვნელობა არ აქვს...", — უთხრა On.ge-ს ყვირილით პროდიუსერმა.

დავითიანნის ცნობით, გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობენ შვიდკაცა, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ალილო, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები. 

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწერა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

დავითიანნი აცხადებს, რომ "პატრიარქმა ეს დღე ლგბტ მოძრაობისგან თავის დასაცავად დააარსა, ოჯახის სიწმინდის დღეს კი უნდა იქნეს გამოხატული საქართველოს მოსახლეობის მკაფიო ნება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და არა ორი დაქორწინებული მამრის ან მდედრის".

ლგბტ აქტივისტი, გიორგი თაბაგარი ამ ღონისძიების პასუხად ამბობს:

"უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას! 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!". 

კომენტარები