რეკლამა

DVV International - ზრდასრულთა განათლებისთვის ხარაგაულში

24 აპრილს, ხარაგაულში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანულმა ასოციაციამ DVV International ზრდასრულთა განათლების კიდევ ერთი ცენტრი გახსნა.

ცენტრი რიგით მეთერთმეტეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ DVV-ს ცენტრებს შორის.

ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად, თბილისიდან მოწვეული სტუმრები და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰუბერტ ქნირში დაესწრნენ, რომელიც მეუღლესთან ერთად ეწვია რაიონს. საპატიო სტუმრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მიესალმა. მან მადლობა გადაიხადა ასეთი საგანმანათლებლო კერის შექმნისთვის რაიონში და აღნიშნა, რომ ეს ღირებული მხარდაჭერაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მუნიციპალიტეტისთვის, ამიტომ რაიონის ხელმძღვანელობაც, თავის მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს ცენტრის ხელშეწყობისა და წარმატებით ფუნქციონირებისათვის.

ზრდასრულთა სათემო განათლების ცენტრის გახსნა ხარაგაულელებს მიულოცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა, რომელმაც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული მოდელის სიკეთეებზე და მის ასწლოვან გამოცდილებაზე ისაუბრა გერმანიაში. ელჩმა პატივისცემითა და მადლიერებით აღნიშნა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის საქმიანობა და გულითადად მიულოცა მის მიერ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა DVV International-ის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და თურქეთის რეგიონული დირექტორი მაია ავრამოვსკა, რომელმაც რეგიონულ მასშტაბში DVV International-ის საქართველოს ოფისის როლსა და მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება. გაწეული სამუშაოსთვის მან პერსონალური მადლობები გადაუხადა ქართული ოფისის წარმომადგენლებს და უშუალოდ ცენტრის გახსნაში ჩართულ პირებს, რომელთა თავდაუზოგავი და ნაყოფიერი შრომით დადგა ასეთი სასიკეთო შედეგი.

შემდეგ სტუმრებს გაწეული მუშაობის შესახებ და რეგიონებისათვის სათემო ცენტრების მნიშვნელობაზე ესაუბრა DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლალი სანთელაძე. DVV International-ის ძალისხმევით, 2006 წლიდან რეგიონებში შექმნილმა ცენტრებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილებზე არაფორმალური განათლების მიღებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა. „ეს ცენტრები განათლების, დასაქმებისა და კომუნიკაციის ნამდვილ კერებად იქცა რეგიონებში, სადაც, ასეთი ადგილები სამწუხაროდ, ცოტაა. ამიტომ იქ მიღებული სიკეთეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმდენად დიდია და ფასეული, რომ DVV International-ის საქართველოს ოფისს განზრახული აქვს, ზრდასრულთა სათემო განათლების ცენტრები ქვეყნის ყველა რეგიონში გახსნას“ - აღნიშნა თავის გამოსვლაში ქალბატონმა ლალიმ. მან მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას, დონორებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, პარტნიორებსა და კოლეგებს იმ შრომისა და მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.  

საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა ლენტის გაჭრის შემდეგ ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის სასწავლო ოთახები დაათვალიერეს. მისი დირექტორის, გიორგი მუხურაძის თქმით, ცენტრი ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს და უკვე 70-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც აქ სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან, მათ შორის: თექას, მაკრამეს, კულინარიას, ჭრა-კერვას, მეფუტკრეობას, კომპიუტერულ სწავლებას და მომავალში, ადგილობრივი მოსახლეობისა თუ საბაზრო მოთხოვნების მიხედვით, კიდევ გაიხსნება სხვა კურსებიც. დაინტერესება საკმაოდ დიდია, რაც გვაძლევს იმედს, რომ ცენტრი მალე ხარაგაულელთა საყვარელ ადგილად და წარმატებულ საგანმანათლებლო კერად იქცევა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის კულტურის ცენტრის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა დაამშვენეს. მათ ტკბილხმოვანი სიმღერებითა და ცეცხლოვანი ცეკვებით მოხიბლეს სტუმრები და მართლაც ზეიმად აქციეს ეს დღე. ამ დღეს აქ, DVV International-ის სახელით განათლების, განვითარების, კეთილდღეობის ხელშემწყობ კიდევ ერთ კერას ჩაეყარა საფუძველი და ამით საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში ზრდასრულ ადამიანებს პიროვნული და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდათ.

რიტა ბაინდურაშვილი

კომენტარები