არეულობა ვენესუელაში

ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერ აქციაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიჭრა [Video]

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერ აქციაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიჭრა. 

ვენესიუელის ეროვნული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაუარა გვარდიის ჯავშანტექიკამ მომიტინგეებს. დამონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. აქციის მონაწილეები სამხედრო ტექნიკას სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. 

დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. 

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა რაც ხუან გუაიდომ გამოაცხადა, რომ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დასამხობად "ფინალური ფაზა" დაიწყო და სამხედრო ძალებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მას უზურპატორის წინააღმდეგ.

გუაიდომ ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლეოპოლდო ლოპეზთან, რომელიც შინა პატიმრობაში იმყოფება, კარაკასის ლა კარლოტას საავიაციო ბაზაზე საუბრობს:

"ეს მომენტი არის ახლა. ჩვენ ვენესუელისათვის თავისუფლებას და დემოკრატიას მოვიპოვებთ...ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერას ელიან, კონსტიტუციის მხარდაჭერას, გარანტიას, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგანან." ამბობს გუაიდო.

მასშტაბური საპროტესტო აქცია ხვალ, პირველ მაისს იგეგმება. გუაიდოს თქმით ეს იქნება ყველაზე დიდი მარში ვენესუელის ისტორიაში.

"ვენესუელელებო, საჭიროა, რომ ჩვენ ყველა გავიდეთ ქუჩებში და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას და თავისუფლების დაბრუნებას. ორგანიზებულად და ერთიანად უნდა ვიმოძრაოთ მთავარი სამხედრო ინსტალაციებისაკენ. კარაკასელებო, ყველანი ლა კარლოტასკენ." თქვა გუაიდომ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონსტიტუცია და ვენესუელელი ხალხი უნდა დაიცვან და მხარი დაუჭირონ ეროვნულ ასამბლეას დემოკრატიის უზურპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა და ნაციონალური ანსამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა.

აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები