ვენესუელა

ხუან გუაიდო მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს, მადუროს თქმით მათი გეგმა ჩაიშალა

ხუან გუაიდო / ნიკოლას მადურო
AFP

გუშინ ვენესუელაში ხუან გუაიდოს მომხრეებსა და ნიკოლას მადუროს რეჟიმის ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა. სატელევიზიო მიმართვაშეი მადურომ თქვა, რომ გუაიდოს მომხრეები "პატარა ჯგუფს" წარმოადგენენ და მათი გეგმა ჩაიშალა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი CNN-ს უთხრა, რომ მათი ინფორმაციის მიხედვით მადურო უკვე მზად იყო ქვეყანა დაეტოვებინა და კუბაზე გაქცეულიყო, თუმცა რუსეთმა მას ეს გადააფიქრებინა.

ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"თუ კუბას სამხედრო ძალები დაუყოვნებლივ არ შეწყვეტენ სამხედრო და სხვა ოპერაციებს ვენესუელაში სიკვდილის და კონსტიტუციის განადგურების მისაღწევად, კუბას სრულ ემბარგოს და უმაღლესი დონის სანქციებს დავუწესებთ. იმედია, კუბელი ჯარისკაცები დაუყოვნებლივ და მშვიდობიანად დაბრუნდებიან საკუთარ კუნძულზე!"

ხუან გუაიდომ მომხრეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა საპროტესტო აქციებისაკენ.

გუშინ გავრცელებულ ვიდეოებში მომიტინგეებმა მადუროს რეჟიმის ძალებს ქვები დაუშინეს. მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭაველი გამოიყენეს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრომ მანქანამ მომიტინგეებს გადაუარა.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა 69 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხუან გუაიდომ გამოაცხადა, რომ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დასამხობად "ფინალური ფაზა" დაიწყო და სამხედრო ძალებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მას უზურპატორის წინააღმდეგ.

გუაიდომ ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლეოპოლდო ლოპეზთან, რომელიც შინა პატიმრობაში იმყოფება, კარაკასის ლა კარლოტას საავიაციო ბაზაზე საუბრობს:

"ეს მომენტი არის ახლა. ჩვენ ვენესუელისათვის თავისუფლებას და დემოკრატიას მოვიპოვებთ...ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერას ელიან, კონსტიტუციის მხარდაჭერას, გარანტიას, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგანან." ამბობს გუაიდო.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა და ნაციონალური ანსამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა.

აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები