ახალი ავტობუსები

კალაძე: წლის ბოლოსთვის თბილისში 220 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი უნდა შემოვიდეს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, წლის ბოლოსთვის თბილისში 220 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი უნდა შემოვიდეს. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მერის ინფორმაციით, ტენდერი დასრულდა და ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. კალაძე ამბობს, რომ ახალი ავტობუსები თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო სისტემით იქნება აღჭურვილი. 

"ეს არის ის პროგრამა, რაზეც ჩვენს ვსაუბრობთ, რომ ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც მგზავრებისთვის მგზავრობის დროს, ასევე ზოგადად ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ვიცით თუ რამდენად სერიოზული პრობლემა არის გამონაბოლქვი და ამ მიმართულებითაც ავტობუსების არსებული პარკი არის პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, ავტობუსების ჩანაცვლება, მეტროს ვაგონების განახლება და მოწესრიგება, მეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ახალი ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის და ასევე საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტი ვანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემებით, usb დამტენებით, wifi-ის მოდემებით, ავტობუსებში შესაძლებელი იქნება უფასო ინტერნეტით სარგებლობა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ და ძალიან მალე ქალას ეყოლება 220 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი," - ამბობს კალაძე.

დღესვე დედაქალაქის მერმა ისაუბრა ახალ 10 მეტრიან ავტობუსებზე, რომელთა ნაწილი უკვე შემოყვანილია და პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს. 

"უახლოეს დღეებში ჩვენ ასევე წარმოვადგენთ 10 მეტრიან ავტობუსებს, რომლის ნაწილი უკვე ჩამოსულია დედაქალაქში, ამის პრეზენტაცია გვექნება რამდენიმე დღეში და ეს ავტობუსები უკვე მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. განთავსებული იქნება სხვადასხვა მარშრუტებზე, სხვადასხვა რაიონებში. ავტობუსის ფირმა არის Isuzu. ფერს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ. ეს არის ევრო 6-ის დიზელზე მომუშავე ავტობუსები . ყველა სტანდარტი, როგორც ევროპულ ქალაქებში არის, იქნება დაცული. ყველა შესყიდვის დროს ვითვალისწინებთ ამ ყველაფერს, ვითხოვთ და შესაბამისად ამ სტანდარტებით იქნება აღჭურვილი ყველა ის ავტობუსი, რომელსაც შეისყიდის მუნიციპალიტეტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ აუცილებელი არის საწვავი, ყველანაირად მომზადებულები ვიყოთ, ამ ტიპის ავტობუსებს სჭირდება სპეციალური საწვავი, მაღალი ხარისხის," - ამბობს კალაძე. 

კომენტარები