საქართველოს პარლამენტი

"რაც მისაღები ჰქონდა მიიღო"- მელია და პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

დეპუტატებმა ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაადასტურეს. დაპირისპირება პარლამენტის ეზოში მოხდა. ისინი კონკრეტულ მიზეზზე არ საუბრობენ და ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. 

"ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომლსაც ადგილი აქვს დღენიადაგ. ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი. რა გაუკეთებია? ერთი სიკეთე მაინც რა გაუკეთებია ამ ადამიანს? ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, ხელისუფლებიდან. მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ერთი მთაწმინდელი მანახეთ, ვინც იტყვის რომ ზაზა პაპუაშვილმა მისი სადეპუტატო უფლებამოსილება შეასრულა",- ამბობს ნიკა მელია. 

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ ენმ-ს წევრი წინასაარჩევნოდ თემების აწევას ცდილობს. 

"რაც არის და ვინც არის ნიკა მელია არ იცით? გამოიწვია რომ ეს მომხდარიყო, მიკროფონები და კამერა, რაც მისაღები ჰქონდა მიიღო და კიდევ მიიღებს უზრდელობის და უტაქტობის გამო, არჩევნები ახლოვდება და თემების აწევა უნდა",- ამბობს პაპუაშვილი.  

კომენტარები