თამბაქო

თამბაქოს კონტროლის შესახებ გამკაცრებული კანონის ამოქმედებიდან 1 წელი გავიდა

flickr.com

1 მაისს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თამბაქოს კონტროლის შესახებ გამკაცრებული კანონი ძალაში შევიდა. 

1 წლის წინ ამოქმედებული კანონის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალა საქართველოს სკვერებსა და პარკებში, დაწესებულებებში, კაფეებსა და რესტორნებში, მრავალბინიანი შენობების ვესტიბიულებში, სხვენებში, სარდაფებში, დერეფნებში, კიბის უჯრედებში; ასევე ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში, გარდა ტაქსებისა და კატერებისა. 

თამბაქოს კონტროლის კანონი პარლამენტმა 2017 წელს მიიღო. კანონპროექტის ინიციატორი ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე, ხოლო ავტორი კი "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" იყო. ეს კანონი თავისი მოქმედების არეალიდან გამომდინარე ბოლო წლებში მიღებული ერთერთი ყველაზე დიდი რეგულაციაა, რადგანაც ის ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მწეველ მოქალაქეს, ათიათასობით ბიზნესსა და დაწესებულებას შეეხო. 

კანონის მნიშვნელოვანი ნაწილი 2018 წლის მაისშივე ამოქმედდა, უკვე ძალაში შესული ნორმებიდან ყველაზე მეტ ადამიანს დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ეხება. ეს ცვლილება 2018 წლის 1 მაისს შევიდა ძალაში. თუმცა, პარლამენტის მიერ თავდაპირველად მიღებულ კანონში უკვე მრავალი რამ შეიცვალა. მათგან ყველაზე დიდი ცვლილება თამბაქოს ნაწარმის ე.წ. "სადა შეფუთვის" ამოქმედების გადავადება იყო. 

პირველადი პროექტის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ე.წ. "სტანდარტული შეფუთვით" რეალიზაცია უნდა დაწყებულიყო. ამ ნორმის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანაში ყველა მარკის სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდებოდა. აიკრძალებოდა ნებისმიერი სახით შეფუთვაზე ბრენდის მითითება. ეს მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის შეუსაბამოდ მძიმე ტვირთის დაწესება იქნებოდა მაშინ, როდესაც ამის გაკეთებას საქართველოს არავინ არ ავალდებულებდა. ამიტომ 2017 წელსვე შევიდა კანონში ცვლილება და სტანდარტული შეფუთვის ამოქმედება 2022 წლამდე გადაიწია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამ "მომდევნო თაობის თამბაქოს კონტროლის კანონი" უწოდა. თამბაქოს კონტროლის გამკაცრების გამო, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო WHO-ს აღმასრულებელი სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა

აღნიშნული აკრძალვა განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლის გაჩენით, რომელმაც თითოეული ამ კანონდარღვევისთვის შესაბამისი სანქცია გაწერა. თუ შსს საკანონდებლო ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩენილი ახალი მუხლების კანონდარღვევის შემთხვევებს არ აღასრულებს გამოვა, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის ეს ნაწილი ფიქტიური იქნება და მას რეალურად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების შემცირება არ მოჰყვება.

მოგვიანებით, 2019 წლის 1 იანვარს მაისში მიღებულ რეგულაციებს აქციზის გადასახადის გაზრდაც დაემატა. უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური (იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების პროცენტული გადასახადი) კი - 10%-დან 30%-მდე, რამაც სიგარეტის 1 კოლოფზე ფასი 1 ლარით გაზარდა. 

სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. 

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. 

2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტზე 13 სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 2018 წელს ეს მონაცემი არ შეცვლილა, ხოლო 2019 წელს კი 39-მდე მოიმატა, რაც 3-ჯერ ზრდას გულისხმობს. 

შედარებისთვის, 2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა ჯამში 13 431 უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2018 წელს - 26 612, ხოლო 2019 წელს კი გასულ წელთან მიმართებით მონაცემი 707-ით გაიზარდა და 27 319 კოლოფი შეადგინა. 

კომენტარები