კოკაინი

მეცნიერებმა გაერთიანებული სამეფოს მდინარეების კრევეტში კოკაინი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მდინარის წყლის ქიმიური ანალიზისას მტკნარი წყლის კრევეტებში კოკაინი და კეტამინი აღმოაჩინეს. King's College London-ის მკვლევრებმა საფოკის უნივერსიტეტთან ერთად შეამოწმეს 15 სხვადასხვა ადგილი საფოკის საგრაფოს ტერიტორიაზე. 

მათი ანგარიშის თანახმად, კოკაინი აღმოაჩინეს ყველა შემოწმებულ ნიმუშში. კრევეტებში ასევე გავრცელებული იყო სხვა არალეგალური ნარკოტიკები, როგორებიცაა კეტამინი და აკრძალული პესტიციდები და წამლები. მკვლევრებმა თქვეს, რომ ეს მოულოდნელი აღმოჩენა იყო. 

საფოკის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ ბარი ამბობს: "მომდევნო კვლევებმა უნდა გვაჩვენოს, რამდენად გავრცელებულია კოკაინი წყლის ცხოველებში, არის თუ არა ეს მხოლოდ საფოკის საკითხი, თუ მთელი გაერთიანებული სამეფოს." 

კვლევა, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა სწავლობდა, თუ რამდენად მაღალი იყო მიკროდამაბინძურებლების დონე ველურ ბუნებაში, მაგალითად კრევეტ Gammarus pulex-ში. მკვლევრებმა შეაგროვეს ნიმუშები მდინარეებში ალდე, ბოქსი, დებენი, გიპინგი და ვევენი. მათი თქმით, ნარკოტიკების გარდა კრევეტების ნიმუშებში აკრძალული პესტიციდები და წამლები აღმოაჩინეს. 

King's College London-ის დოქტორ ლეონ ბარონის თქმით, ასეთი ნარკოტიკების ველურ ბუნებაში არსებობა მოულოდნელი იყო. "ჩვენ შესაძლოა ველოდოთ ამას ურბანულ რეგიონებში, როგორიცაა ლონდონი, მაგრამ არა უფრო მცირე და სასოფლო რაიონებში."- ამბობს ის. 

კომენტარები