სანდრა რულოვსი ზუგდიდში ია კერზაიას სახელობის ინსტიტუტის გახსნის ინიციატივით გამოდის 

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში თანამედროვე პედაგოგიური ინსტიტუტის გახსნის ინიციატივით გამოდის, რომელსაც მეექვესე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას სახელი დაერქმევა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, რულოვსმა ამის შესახებ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს თქვა. 

"უმაღლესი განათლების სფეროში უნდა იყოს აქ მეტი შესაძლებლობა. თანამედროვე განათლება ექნებათ პედაგოგებს, რაც აუცილებელია",- თქვა რულოვსმა. 

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში სურს, რომ ზუგდიდის სკოლებში მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად ლექციები ჩაატაროს. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები