პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები

ბესელია ფარულ კადრებზე: არ არის პასუხი კითხვაზე, ვინ დაგეგმა და რა მიზნით

პარლამენტი

ეკა ბესელიამ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ჰკითხა, ვინ და რა მიზნით დაგეგმა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

"ორმა ადამიანმა დასვა ამ დარბაზში კითხვა, რომელიც ეხება პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფას. ერთი არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელთა დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი განხორციელდა და მეორე იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა. ორივეს პასუხისმგებლობას ვხედავ მე ამ პროცესში. მივამატებ მესამე კითხვას - მთავარ კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოძიებას - ვინ დაგეგმა და რა მიზნით, თუმცა, რაღაცები მე მგონი შეიძლება უკვე, რომ სახელდებული იყოს". 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა 1-ლ თებერვალს დააკავა. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

კომენტარები