გიორგი გახარია პარლამენტში

მელიამ გახარიას უნამუსო უწოდა, რასაც უმრავლესობის აღშფოთება მოჰყვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ვიზიტისას თავის გამოსვლაში "უნამუსო" უწოდა, რასაც ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან აღშფოთება და ხმაური მოჰყვა. 

მელიამ გახარიას თავისი ნათქვამი შეახსენა, როდესაც შს მინისტრმა თქვა, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტირებას ცდილობდა და უთხრა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც პოლიციის დისკრედიტირებას ეწევა, სწორედ თავად გიორგი გახარიაა. 

"ყველაფრის გათვალისწინებით როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს იმაზე, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტირებას. უნამუსო ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ვერ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრავალჯერ დაგიდასტურებიათ,"- თქვა მელიამ. 

უმრავლესობის მხრიდან ხმაურს გიგა ბოკერია გამოეხმაურა და ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა:

"მუდმივად იგინებით და უნამუსოზე აღშფოთდით?" 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, ნიკა მელიას ჰკითხა:

"ბატონო ნიკა, მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას?" 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში იმყოფება. 

კომენტარები