მაია სტეფნაძე

სტეფნაძე: დირექტორმა მითხრა, მთავრობის კრიტიკა IMEDI TV-ის კორპორატიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებაო

მაია სტეფნაძე

ტელეკომპანია იმედის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სალომე ბაზერაშვილის თქმით, გია ჯაჯანიძის გადაცემის პროდიუსერი, მაია სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და ეს ნებაყოფლობითი პროცედურაა. 

სალომე ბაზერაშვილმა ტაბულას სხვა კითხვებს არ უპასუხა. 

"მე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ, თუ გინდათ, ეს გამოიყენეთ", - გვითხრა მან. 

თავად მაია სტეფნაძე კი ტაბულასთან ამბობს, რომ ის არხის დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ მისი ფეისბუქ-პოსტი, რომელიც 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა და ხელისუფლების ქმედებებს დამღუპველად აფასებდა, ტელეკომპანია იმედის კორპორატიული ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული, რის შემდეგაც ხელი დოკუმენტს მოაწერა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაარკვია, არა გათავისუფლების შესახებ ბრძანება, არამედ ურთიერთშეთანხმება იყო. 

"პირდაპირ მითხრა დირექტორმა, პირდაპირ გამომიცხადა, რომ ჩემი პოსტი, რომელიც მივუძღვენი ტვ პირველს, შევაფასე მათი მუშაობა და შევაფასე ამ ხელისუფლების დამღუპველი ქმედებები პანკისში, პირდაპირ მითხრა, რომ ეს იყო ტვ იმედის კორპორატიული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული და რომ ამან ტელეკომპანიის თანამშრომლებში დიდი გულისწყრომა გამოიწვია და მათავისუფლებდა სამსახურიდან. იქვე დაუძახა HR-ს, HR-მა სადღაც 20 წუთში მომაწერინა ხელი რაღაც დოკუმენტზე, რომელიც, რომ არ მოგატყუოთ, არც წამიკითხავს იმ წუთას, იმიტომ რომ შოკში ვიყავი.

თან, ჩანთაში მედო ვინჩესტერი, რომელშიც ჩაწერილი მქონდა ახალი, სოციალური გადაცემის პილოტი, რომელსაც ვამზადებდი ტელეკომპანია იმედისთვის და მინდოდა, მისი დეტალები დირექტორთან გამევლო. როცა მოვაწერე იმ ხელშეკრულებას ხელი, არ წამიკითხავს, გათიშული ვიყავი, მერე დასვენების დღეები იყო და გუშინ ავიღე მხოლოდ. 

საია-ში განმიმარტეს, რომ გამოვიდა, რომ მე დავრთე ნება ტვ იმედს, გამაგდოს სამსახურიდან" 

მაია სტეფნაძის თქმით, მის საქმეზე მუშაობა საია-მ დაიწყო, ამასთან, მიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, მომხდარი პოლიტიკურად შეაფასოს. 

"ჩემი მიზანია, დაინახოს საზოგადოებამ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ადამიანის დაშინება სიტყვის და აზრის გამოხატვის შეზღუდვის გამო", - ამბობს მაია სტეფნაძე. 

კომენტარები