საპატრიარქო

საპატრიარქო დავით გარეჯზე: ვემიჯნებით მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს

ipress

საპატრიარქო დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მცდელობას, რომელიც ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობის გამწვავებას ცდილობს.

"ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.

გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ.

ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს,"- წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.

26 აპრილს დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტება. 

კომენტარები